weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვხედავთ წაქეზებას, იარაღის მიწოდება ცეცხლზე ნავთის დასხმაა – მეუფე იოანე უკრაინაში ომზე

12:54 სამშაბათი, 29 მარტი 2022

„მძიმე საყურებელი, მოსასმენი და გასაგებია, როცა ორი ერთმორწმუნე ერი, მონათესავე, ბიძაშვილები, ასე ვთქვათ, ერთმანეთს გადაემტერებიან და ერთი უფრო ძლიერია, მეორე უფრო სუსტია (თუმცა, არც ისე სუსტია) და იღვრება სისხლი ძირითადად უდანაშაულო ხალხის“, – ამის შესახებ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განაცხადა.

28 მარტს, ტელეკომპანია „რიონის“ გადაცემაში „საუბარი მოძღვართან“ მეუფე იოანემ თქვა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ცეცხლზე ნავთის დასხმაა.

„ვიღაც სამხედრო ბრძანებებს ასრულებს, ვიღაც შემთხვევით აღმოჩნდა ბრძოლის ველზე და ჭურვი ნასროლი ერთ მხარეს მოხვდა მის სახლს. ეს დიდი ბოროტებაა. რამ გამოიწვია - ეს პოლიტოლოგების საქმეა, გამოიკვლიონ, მაგრამ მე მაკვირვებს სხვა რამ: როცა ორი ძმა, ან ორი მეზობელი ერთმანეთში ჩხუბობენ, გარშემოები აშველებენ ხოლმე, შუაში დგებიან და ცდილობენ დააწყნარონ, დაამშვიდონ: რა გაქვთ სადაო, როგორ მოვაგვაროთ, გამოსავალი ვიპოვოთ...

აქ ვხედავთ ცალმხრივ წაქეზებას ერთი მხარის – აი, შენ დამატებითი იარაღი, აი, შენ ფული... კარგია, რომ უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება იგზავნება და მშვიდობიან მოქალაქეებს, გაჭირვებაში მყოფთ ეხმარება, მაგრამ იარაღის მიწოდება ამ დროს, ეს არის ცეცხლზე ნავთის დასხმა.

კი, გასაგებია, რომ თუ იმას მეტი აქვს, ამასაც ჰქონდეს რა? მაგრამ მეტი სისხლი დაიღვრება? მეტი ბოროტება მოხდება? მეტი უდანაშაულო ადამიანი დაიხოცება? იმის მაგივრად, რომ შესთავაზოთ ოთხმხრივი, ხუთმხრივი, ათმხრივი... ტრიბუნა, აი, გაეროს ტრიბუნა, მთელი მსოფლიოს ქვეყნები მონაწილეობენ, დასვით საკითხი, აი, ერთი მხარე, მეორე მხარე, რა გაქვთ სადაო, იქნებ შესაძლებელია ამის მოგვარება, მაგრამ ვხედავთ, რომ არა, მოლაპარაკებები არ ხდება. არც მანამდე, მინსკის ხელშეკრულება იყო და ირღვეოდა, ვინც გარანტი იყო ხელშეკრულების შესრულების, ამ მოლაპარაკების განზე გადგნენ.

არც ახლა... ვთქვათ, შეიძლება ფრონტის ხაზზე არავინ ჩადგეს, ეს გასაგებია, მაგრამ არის გაეროს ტრიბუნა, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ტრიბუნა, სადაც შეიძლება დაისვას საკითხი, მოდით ორივე მხარე და რა გამოსავალია, თქვენ რა პრეტენზიები გაქვთ, რა ითხოვთ...“, – განაცხადა მეუფე იოანემ.

მიტროპოლიტმა უკრაინაში მიმდინარე ომი ოჯახურ კონფლიქტსაც შეადარა:

„იგივე ოჯახი ინგრევა, ვთქვათ, ცოლ-ქმარს შორის რაღაც მოხდა, რძალ-დედამთილის პრობლემაა, სიძე-სიმამრის თუ სიდედრის პრობლემაა, შესაძლებელია შერიგება? ჩვენ გვავიწყდება, რომ ოჯახში ბავშვები არიან, ბავშვების გული სკდება ამით, რომ იქ დედ-მამა ერთმანეთთან ასე არიან, იქ ბებია-ბაბუა ერთი მხრიდან და ბებია-ბაბუა მეორე მხრიდან ერთმანეთთან ასე არიან, ცუდად იხსენებენ, ლანძღავენ და ბავშვი დაბნეულია, ვის მხარეს დადგეს, არ იცის. კი, დედა უყვარს, დედისკენ არის, მაგრამ მამის გარეშეც არ უნდა იყოს და გული იხლიჩება ბავშვების.

ასეა აქაც. მოსახლეობა შეიძლება არ იყო არავის მიმართ მტრულად განწყობილი, გული გახეთქილია. ათასობით, უკვე მილიონობით (თუ დასაჯერებელია 4 მილიონი - საქართველოზე მეტი მოსახლეობა) ლტოლვილი გარბის თავისი ქვეყნიდან და კარგია, რომ რომელიმე ქვეყანა იწყნარებს, მაგრამ არ გამოიძებნა გზა შეჩერების და საერთო ენის პოვნის“, – აღნიშნა მეუფე იოანემ.

მიტროპოლიტის თქმით, გამოსავალი არ არის „ჩარევა, დასკვნების გაკეთება, ერთი მხარის ლანძღვა და მეორის გამართლება“, რადგან ამით დაპირისპირება ღრმავდება.

„როცა დიდი ქვეყნები დადგენიან შუამავლად და იტყვიან, მოდით, მოვაგვაროთ... მაგრამ, როგორც ჩანს, ორივე მხარეს ისეთი მოთხოვნები აქვს, რომ ალბათ, ვიღაცას აწყობს, რომ ეს გაგრძელდეს, ვიღაც ამით სარგებლობს. მსოფლიოში არაჯანსაღი დამოკიდებულება ჩანს, რომ ეს შეუძლებელია“.

მეუფე იოანეს თქმით, დაპირისპირებულ მხარეებს საერთოც აქვთ: „ერთმორწმუნე არიან, მონათესავე ტომები არიან, ერთი კულტურული საწყისიდან წამოსული არიან. მაშინ „კიევსკაია რუსი“ არც რუსი იყო და არც უკრაინული, სლავები იყვნენ. სლავური ანბანი შეიქმნა, სლავურ ენაზე იყო ღვთისმსახურება... მონღოლთა შემოსევის შემდეგ თითქმის ორი საუკუნე ცალკე ვითარდებოდნენ და მაშინ მოხდა მათი დაშორება. ეკლესია ლოცულობს, რომ მშვიდობა აღდგეს, ურთიერთგაგება მოხდეს და ბოროტება სიკეთით დაიძლიოს“.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ომი გააჩაღა. გამთენიისას პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ იწყებდა, რომლის მიზანი უკრაინის „დენაციფიკაცია“ და „დემილიტარიზაციაა“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]