weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებული 7 პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

15:59 ორშაბათი, 04 აპრილი 2022
5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს დაზარალებული ჟურნალისტი რატი წვერავა / AP Photo/Shakh Aivazov 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს დაზარალებული ჟურნალისტი რატი წვერავა / AP Photo/Shakh Aivazov

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე 7 პირი დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ნინო ჩხნაშვილის გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს – გიორგი კახიანს, რომეო კეკუტიას, ზაზა მჭედლიძესა და გიორგი ნასყიდაშვილს 1 წლითა და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ, ილია ქებაძესა და თემურ ხარაულს კი – 1 წლისა და 2 თვის ვადით. ისინი დაახლოებით 9 თვის წინ დააკავეს და პატიმრობის ვადის ათვლაც სწორედ იქიდან იწყება.

რაც შეეხება მეშვიდე ბრალდებულს, 66 წლის უშანგი დათუნაშვილს, რომელსაც ბრალად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ოპერატორზე ძალადობა ედებოდა, მას სასჯელის სახით 5000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა – აქედან 3000 ლარი დეკემბერში, როდესაც საპატიმრო დატოვა.

შვიდივე პირი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით იყო დაკავებული, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლას, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნას და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მოსამართლემ საქმე გადააკვალიფიცირა და დაკავებულები ჯგუფურ ძალადობაში ცნო დამნაშავეებად.

აღნიშნული ეპიზოდი „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, დეა მამისეიშვილის და ოპერატორის, დავით ახალაძის, „ფორმულას“ ჟურნალისტის, რატი წვერავას, „იმედის“ ჟურნალისტის, დიმიტრი ყირიმლიშვილის და ოპერატორის, შოთა კერვალიშვილის, „ტაბულას“ ჟურნალისტის, მაკა ჯაბუას, „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის, თორნიკე მანდარიას და ოპერატორის, დავით ქორიძის და „რუსთავი 2“-ის ოპერატორის, ბექა ათაბეგაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ეხება.

„დღეს სამართლიანობის იმედი საბოლოოდ წამერთვა. ქართულმა მართლმსაჯულებამ შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა, რადგან ხელისუფლების ნება იყო ასეთი.

დღევანდელი განაჩენი იმას ნიშნავს, რომ 6 თვეზე ნაკლებ დროში მოძალადეები გარეთ გამოვლენ. დღეს ჟურნალისტებმა ღია გზავნილი მივიღეთ, რომ „ქართული ოცნება“ გვებრძვის, დაგვსჯის, გვდევნის, ისევ იქნება მუქარა, ძალადობა. მედია დაუცველი ვართ“, – განაცხადა დეა მამისეიშვილმა.

2021 წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს საპატრიარქოს და ჰომოფობიური ჯგუფების მოწოდებით „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების – „ღირსების მარშის“ ჩატარების წინააღმდეგ აქცია გაიმართა, რაც მედიის წარმომადგენლების, სამოქალაქო აქტივისტებისა და გამვლელების მიმართ ძალადობაში გადაიზარდა. ძალადობის მსხვერპლი გახდა 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი. მათგან რამდენიმე მძიმედ დაშავდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ერთ-ერთი დაშავებული ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპერატორის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა ჯერ არ დასრულებულა. ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, როდესაც საგამოძიებო უწყება მიანიშნებდა, რომ ოპერატორი ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებით იყო გარდაცვლილი.

რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ჯგუფური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა სულ 27 პირის მიმართ დაიწყო, თუმცა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის ბრალი არავისთვის წარუდგენიათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]