„რუსთავი 2“-თან ინტერვიუში გამყრელიძემ აღნიშნა, რომ დღეს პირველი დღეა 2020 წლის სექტემბრის შემდეგ, როდესაც საქართველოში კორონავირუსით არავინ გარდაიცვალა.
„ყველა პროგნოზით, რასაც საერთაშორისო სხვადასხვა დიდი ინსტიტუციებით აკეთებენ და მათ შორის, ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაშიც, ეს სტაბილიზაცია უნდა გაგრძელდეს აპრილში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პანდემია არ გამოცხადებულა დასრულებულად, მაგრამ მისი მწვავე ფაზა, როგორც სტრატეგიულ დოკუმენტშია ნათქვამი, სრულდება.
დიდი ალბათობით, თუ რაღაც ექსტრაორდინალური არ მოხდა ამ ვირუსის ბიოლოგიაში, წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიას გამოაცხადებს დასრულებულად“, – განაცხადა გამყრელიძემ
საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 22 625 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 324 ადამიანს დაუდასტურდა. კოვიდინფიცირების 165 ახალი შემთხვევაა თბილისში, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია: აჭარა – 11, იმერეთი – 37, ქვემო ქართლი – 13, შიდა ქართლი – 26, გურია – 23, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 19, კახეთი – 17, მცხეთა-მთიანეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
საქართველოში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ლაბორატორიულად 1 650 708 შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 629 987 ადამიანი, 16 765 კი გარდაიცვალა.