weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„რა არის თქვენი ინტერესები, ბავშვების დახოცვა?“ – მიტროპოლიტი დიმიტრი რუსთის პატრიარქს

19:39 ხუთშაბათი, 07 აპრილი 2022

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფემ დიმიტრიმ (შიოლაშვილი) განაცხადა, რომ ათეული წლებია რუსეთი თავს ერთმორწმუნეს უწოდებს, მაგრამ „მართლმადიდებლების ხოცვითა და სისხლის ღვრით არის დაკავებული“.

მეუფე დიმიტრიმ დღეს, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით იქადა. ის უკრაინაში მიმდინარე ომს გამოეხმაურა და რუსეთის პატრიარქ კირილს მიმართა.

„ჩვენ გვახსოვს უამრავი მტერი, გვახსოვს არაბები, სპარსელები, მონღოლები, გვახსოვს, როგორც ჩვენი მწერალი კონსტანტინე გამსხურდია ამბობს – „რჯულიანი და ურჯულო მტერი“, როგორ იავარყოფდნენ ჩვენს ქვეყანას, მაგრამ არცეთ დამპყრობელს ხელი არ უხლია ჩვენი სანუკვარი ინსტიტუციებისთვის – ეს არის სამეფო ტახტი და საპატრიარქო.

როგორც კი შემოვიდნენ ეს ერთმორწმუნე რუსები, მაშინვე მოხდა ჩვენი იდენტობის ამ ორი უმნიშვნელოვანესი და სასიცოცხლო რამის იავარყოფა – მეფის ინსტიტუტი გააუქმეს, მეფის ოჯახის წევრების უმრავლესობა გასახლებული იქნენ რუსეთში, ხოლო პატრიარქი ანტონ მეორე უკვე ცოტა მოგვიანებით, 1811 წელს გადაასახლეს ნოვგოროდში, სადაც რამდენიმე წლის შემდეგ ტრაგიკულად დაიღუპა. ასეა ცნობილი. ამას ძალიან დიდ წინააღმდეგობას უწევდა ალექსანდრე ბატონიშვილი, რომელიც ფარულად მეფედაც უკურთხებიათ ალავერდის დიდებულ ტაძარში. დაუღალავად ებრძოდა და შემდეგ იძულებული გახდა სპარსეთში გადასულიყო და ისპაჰანთან აღესრულა. ის იყო და არის ეროვნული გმირი. მას ძალიან ბევრი მეფისნაცვალი თუ რუსი მოხელე ეხვეწებოდა, რომ დაბრუნებულიყო, რუსის ხელმწიფის მორჩილებაში შესულიყო და უამრავ რაღაცას სთავაზობდნენ, ის კი ეუბნებოდა – მტრულ სპარსეთში მირჩევნია სიკვდილი, ვიდრე თქვენს ცრუ მართლმადიდებელ ეკლესიაში ვიცხოვროო.

ეს იმიტომ ვთქი, რომ რამდენიმე ათეული წელია ეს მტანჯველი, რომელიც თავის თავს ერთმორწმუნეს უწოდებს, მართლმადიდებლების ხოცვით და სისხლისღვრით არის დაკავებული.

მე კიდევ არ ვიქნებოდი ასეთი მკაცრი, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, რომ არ მომესმინა რუსეთის პატრიარქის ბოლო ქადაგება, სადაც რუს გვარდიას ლოცავს, მის გენერალს გადასცემს ე.წ. აგვისტოს ღვთისმშობელს. ვითომ აქ არაფერი არ არის ისეთი ყურადღსაღები, მაგრამ ყურადსაღებია ზუსტად ის, რომ ეს ხატი შეიქმნა გასული საუკუნის დასაწყისში, როგორც ევროპის დაპყრობის სიმბოლო პირველი მსოფლიო ომის დროს. ეს მათ ვერ განახორციელეს, მაგრამ ხატი ამისთვისაა და ესეც ერთგვარი მინიშნება იყო.

ესეც არ არის ისეთი აღმაშფოთებელი, რომ არა ის, როცა ისმენ პატრიაქრისგან, საეკლესიო პირისგან, უბრალოდ  სასულიერო პირისგან იმას, რომ რუსები ჩვენი ქვეყნის ინეტერსებს იცავენ უკრაინაში, მათ ფიცი აქვთ დადებული, ჩვენ ფაშიზმი ერთხელ გავწყვიტეთ წელში და ახლაც მოვახერხებთო.

საოცარი და გამაოგნებელია ის გარემოება, რომ ის ხალხი, ვინც იხოცება, გარკვეული ნაწილი, მისი იურისდიქციის ქვეშ არის, ან შეიძლება იყო კიდევაც. ძალიან ხშირი, თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს უკრაინაში მღვდელმთავრებთან, მღვდლებთან, ჩემს თანაკურსელებთა და იქ უმძიმესი მდგომარეობაა, უმძიმესი. ეს იყო სრულიად გამაოგნებელი  რომ –  რუსეთის ინტერესებს ემსახურებიან, მათ ფიცი აქვთ დადებულიო.

მე მივმართავ მას: რა არის თქვენი ინტერესები? პატარა ბავშვების სიცოცხლის ხელყოფა, ბავშვების დახოცვა და ამ უსუსური ადამიანების ასე განადგურება? ეს არ არის ქრისტიანობა, ეს საშინელებაა.

ჩვენ ყველა ვზეიმობთ, ჩვენ ყველა აღდგომასაც და ის მტავრვალებიც აღდგომას  ერთმანეთს სიხარულით ეტყვიან „ქრისტე აღდგა“ და ასეთ უბედურებას სჩადიან“, – აღნიშნა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]