weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ზუგდიდში ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის „ალტ-ინფოს“ ოფისის ხელმძღვანელი დააკავეს

14:15 პარასკევი, 08 აპრილი 2022
გია გულუა და ალტ-ინფოს დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია ზუგდიდის ოფისის გახსნაზე გია გულუა და ალტ-ინფოს დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია ზუგდიდის ოფისის გახსნაზე

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, ემა გოგოხიას და არხის ოპერატორის, ზვიად აბლოთიას მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის – „კონსერვატიული მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი და მისი თანამზრახველი დააკავეს. პრორუსული და ძალადობრივი ჯგუფის პარტიას ზუგდიდში გია გულუა ხელმძღვანელობს. 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გამოძიება 17 მარტს, უწყებაში შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო, რომლის თანახმადაც ზუგდიდში, „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა, „მთავარი არხის“ ჟურნალისტს და მის ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 17 მარტს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ემა გოგოხია და ამავე არხის ოპერატორი ზვიად აბლოთია ინტერვიუს ჩასაწერად ზუგდიდში, პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან იმყოფებოდნენ. ამ დროს, ადგილზე სწრაფი სვლით მივიდა ავტომანქანა, საიდანაც ბრალდებულები გადმოვიდნენ. ისინი შეურაცხმყოფელი შეძახილებით და გინებით, ჟურნალისტს და მის ოპერატორს ინტერვიუს ჩაწერის შეწყვეტას და მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას სთხოვდნენ.

განხორციელებული დევნის დროს, ბრალდებულებმა ჟურნალისტს და მის ოპერატორს სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს.

დღეს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პროფესიული ნიშნით განხორციელებული დევნის და ჟურნალისტის საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის154-ე მუხლის პირველი ნაწილით და 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ზუგდიდში დაკავებულ იქნა ორივე ბრალდებული.

ჟურნალისტების უფლებების და მათი პროფესიული საქმიანობის დაცვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ ტიპის საქმეების გამოძიება სწრაფი და ეფექტიანი იყოს“, – განაცხადა კოკა კაციტაძემ.

17 მარტს, ზუგდიდის ცენტრში მდებარე „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი სამოქალაქო აქტივისტებმა უკრაინის დროშის ფერებში შეღებეს. მომხდარის გასაშუქებლად მისულ „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ემა გოგოხია ამბობდა, რომ ოპერატორს კასტეტებით შეიარაღებულმა დაახლოებით 8 ადამიანმა სცემა. როგორც ჟურნალისტი ამბობდა, ძალადობა მასზეც განხორციელდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]