„დღეიდან, ამ ჯგუფის პრეპარატების რეცეპტი, მატერიალური სახით, ქაღალდზე ასე ვთქვათ, აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. ამ ცვლილებით მნიშვნელოვნად შეიზღუდება ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარება, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და მათი ცხოვრების წესს აუარესებს, ამწვავებს ქვეყანაში ნარკოლოგიურ მდგომარეობას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმოქცევა ექიმის რეცეპტის გარეშე ისედაც აკრძალული იყო, თუმცა პროცესის გაკონტროლება გარკვეულ სირთულეებს უკავშირდებოდა.
„სწორდ ამიტომ, ელექტრონული რეცეპტით მუდმივ რეჟიმში გახდება შესაძლებელი როგორც რეცეპტის გამცემი ფარმაცევტული დაწესებულების, ისე გამომწერი ექიმების გაკონტროლებაც.
ესეც ძალიან დაგვეხმარება პროცესის გამჭვირვალობაში, ზოგადად მონიტორინგში. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანი უნდა იყოს ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვის სრული სურათის გაციფრულება და მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანის მომენტიდან პაციენტზე გაცემამდე მთელი ეს ჯაჭვი, პროცესი რომ გამარტივდეს, ამავდროულად, ზედამხედველობა, მონიტორინგი და გამჭვირვალობა რომ გაუადვილდეს სახელმწიფოს და კონტროლი ფარმაცევტული პროდუქციის მიმოქცევის სრულ პროცესზე რომ იყოს შესაძლებელი. ეს საკითხიც დღეიდან მოგვარდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.