სუს-ის ინფორმაციით, გორის მიერიის მიერ დაფუძნებული ააიპ-ის მთავარი ბუღალტრის დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა.
„ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირი, მითითებულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, სააგენტოს კუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს სისტემატიურად, სხვადასხვა დანიშნულებით რიცხავდა სს „თიბისი ბანკში“ და სს „ლიბერთი ბანკში“ გახსნილ მის პირად საბანკო ანგარიშზე, ხოლო შემდგომ იყენებდა ინტერნეტტოტალიზატორებში.
ზემოაღნიშნული ხერხით მის მიერ მითვისებულმა, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილმა თანხის ოდენობამ შეადგინა 143 985,13 ლარი, თუმცა ინტენსიურად გრძელდება საბუღალტრო და საბანკო დოკუმენტაციის შესწავლა, რომლის დასრულების შემდეგაც მოსალოდნელია, მითვისებული თანხის ოდენობა მკვეთრად გაიზარდოს“, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.