შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დ.გ. მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მეუღლეს – 1996 წელს დაბადებულ ე.ღ.-ს სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა მამაკაცმა 5 აპრილს ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე, წაართვა მას ტელეფონი და დაუმტვრია, რათა პოლიციაში არ დაერეკა, რის შემდეგაც ჩაკეტა სახლში და მეორე დილამდე არ აძლევდა სახლიდან გასვლის შესაძლებლობას. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დ.გ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მცირეწლოვან შვილს და მეუღლის დედას, რომელსაც სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დანაშაულები, რომლის ჩადენაშიც მამაკაცს ადანაშაულებენ, 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.