weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

პოლიციის შენობიდან დაკავებულის „გადმოხტომის“ საქმეზე გამოძიება დაიწყო

22:17 პარასკევი, 15 აპრილი 2022
საპატრულო პოლიციის განყოფილება სოფელ გორისასთან / შსს-ს ფოტო საპატრულო პოლიციის განყოფილება სოფელ გორისასთან / შსს-ს ფოტო

საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორისასთან მდებარე საპატრულო პოლიციის განყოფილებაში მომხდარ შემთხვევას სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. უწყების ცნობით, ბრალდებულის სახით დაკავებული მოქალაქე ს.ჭ. მეორე სართულიდან გადმოხტა. ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

„2022 წლის 14 აპრილს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საჩხერე-ჭიათურის მეოთხე სახაზო განყოფილების ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულიდან ბრალდებულის სახით დაკავებული ს.ჭ.-ს გადმოხტომის ფაქტზე, რამაც მისი ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია“, – განაცხადეს დღეს სპეცილურ საგამოძიებო სამსახურში.

ახალგაზრდა მამაკაცის ახლობლებს ფანჯრიდან გადმოხტომის ვერსიაში ეჭვი შეაქვთ და ვარაუდობენ, რომ პოლიციელებმა დაკავებული განყოფილებაში სცემეს.

„პატრულის მანქანას ფეხი მიარტყა. მერე უცემიათ და ჩაუტენიათ მანქანაში... იქ მერე რა მოხდა, არ ვიცი. ფანჯრიდან გადახტაო და ეს ხელებშეკრული ბიჭი როგორ გადახტა, არ ვიცი“, – განაცხადა მამაკაცის დედამ ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში.

 „თვალები საერთოდ არ უჩანს. პროფესორმა, რომელმაც ოპერაცია გაუკეთა, გვითხრა, რომ ბარძაყში აქვს ფეხი მოტეხილი, მოტეხილი აქვს ხელიც, ხუთ ადგილზე აქვს თავი გატეხილი. ექიმი იმედს ვერ მაძლევს. არ ვიცი, გადარჩება თუ არა.

ამ ზომამდე როგორ შეიძლება? კარგი, ორი წიხლიც მიარტყა, კიდეც შეიგინა, კიდეც ყველაფერი... მოკლეს ბავშვი“, – ამბობს დაშავებულის დეიდა.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა მიხეილ ქამუშაძემ განაცხადა, რომ ჩატარებული ოპერაციის შემდეგ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და პროგნოზს ვერ გააკეთებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც მძიმე შედეგი - ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. სამსახურის ცნობით, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, აღებული იქნა შემდგომი კვლევისათვის საჭირო ნიმუშები, გამოიკითხა ინციდენტის თვითმხილველი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, იდენტიფიცირებული იქნა სამეთვალყურეო და სამხრე ვიდეო კამერები, რის შედეგადაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი იქნება გამოძიებისათვის საინტერესო აუდიო-ვიდეოჩანაწერები.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]