weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

ვითხოვთ მტკიცებულებებს ან ბოდიშს - ვარლამ გოლეთიანი სუს-ის ანგარიშზე

12:33 ოთხშაბათი, 20 აპრილი 2022

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერი ვარლამ გოლეთიანი გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის ანგარიშს, რომელშიც ნათქვამია, რომ „დაინტერესებულმა ძალებმა“ ჰესების მშენებლობის საკითხის კრიტიკულ ნიშნულამდე გასამწვავებლად ე.წ. რბილი ძალის ინსტრუმენტები გამოიყენეს და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნეს.

„ჩვენთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ როცა ქვეყანაში დესტრუქციის შემოტანაზეა საუბარი, არცერთი ჯგუფი, ვინც ამას აკეთებს, ანგარიშში მოხსენიებული არ არის. ჰესის წინააღმდეგ ათასობით ადამიანის გამოსვლაა ჩათვლილი, ამ მიმართულებით ჩვენ ვართ იდენტიფიცირებული, რომ საფრთხე შევუქმენით ქვეყნის უსაფრთხოებას“, – განაცხადა გოლეთიანმა.

მისივე თქმით, სუს-ის ანგარიშში არსებული ჩანაწერი სახელმწიფო ღალატში დადანაშაულებაა და ამას დასაბუთება ან ბოდიშის მოხდა სჭირდება.

„ჩვენ, პირველ რიგში, მოვითხოვთ მტკიცებულებებს, რადგან როცა ამდენ ადამიანს რაღაცას აბრალებენ, უმნიშვნელოვანესია, რომ ის მტკიცებულებებით იყოს გამყარებული, თორემ ჩვენ მოგვიწევს სხვაგვარად მოვთხოვოთ მათ პასუხი. ეს ავტომატურად გულისხმობს ახალი აქციების დაინიცირებას“, - აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენითვის“ ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილთან დებატებს ითხოვს.

„ეს საკითხი ასე ვერ დარჩება. კატეგორიულად ვითხოვთ, რომ ეს დებატი შედგეს და არ მოხდეს საზოგადოებისთვის ამ ინფორმაციის ასე ცალმხრივად მიწოდება. მხოლოდ დებატების ფორმატში შეიძლება პასუხი გაეცეს ყველა კითხვას და ვფიქრობ, რომ ეს ბრალდებები უკან შეუბრუნდებათ.

მთელი ეს ნარატივი, რომელიც გაცოცხლდა სუს-ის შემაჯამებელი დოკუმენტის გასაჯაროების შემდეგ, ემსახურება 7 მაისს დანიშნული აქციის დისკრედიტაციას, იმას, რომ ჩვენ მოვუწოდებთ ადამიანებს, მოვიდნენ და მოვიფიქროთ, როგორ ვაგრძელებთ ბრძოლას. ამაზე უნდა ვისაუბროთ გუმათში.

ცდილობენ, ისე დაანახონ საზოგადოებას, თითქოს აქ დგომა ასოცირდება სიბნელესთან, ახირებულ წინააღმდეგობასთან და უბრალოდ, ურაპატრიოტული და გაუცნობიერებელი პროტესტია“, – ამბობს გოლეთიანი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2021 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა, სადაც ქვეთავში „ე.წ. რბილი ძალა და ფარული ოპერაციები“ ჰიდროელექტროსადგურების წინააღმდეგ პროტესტზეა საუბარი.

გასულ წელს, მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ორგანიზებით, მასშტაბური აქციები იმართებოდა ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ. სუს-ის განცხადებით, ჰესების თაობაზე „მოსახლეობის პოლარიზების აქტიურ მცდელობებს გარე აქტორების მხრიდან სხვადასხვა წლებშიც არაერთხელ ჰქონდა ადგილი“, ხოლო 2021 წელს, დაინტერესებულმა ძალებმა საკითხის კრიტიკულ ნიშნულამდე გასამწვავებლად აქტიურად გამოიყენეს დეზინფორმაცია-პროპაგანდის, ფარული ოპერაციებისა და ე.წ. რბილი ძალის ინსტრუმენტები. სამსახურის შეფასებით, აღნიშნული პროცესები ცალსახად გასცდა თვითორგანიზებულ სამოქალაქო პროტესტს და საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]