weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პარლამენტში მოსახლეობისთვის ფაროსანასგან მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოითხოვეს

16:04 სამშაბათი, 12 სექტემბერი 2017

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრებმა და „ქართული ოცნებიდან“ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ედიშერ თოლორაიამ აზიური ფაროსანას მიერ დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციების გაცემის საკითხი დააყენეს.

„ევროპული საქართველოს“ განცხადებით, ხელისუფლებას ზარალიც კი არ აქვს დათვლილი. პარტიის წევრთა მონაცემებით, სამეგრელოში თხილის მოსავლის შემთხვევაში ზარალმა, სავარაუდოდ, 45 მილიონი ლარი შეადგინა.

„არ არსებობს პასუხი მთავარ შეკითხვაზე - გასცემს თუ არა ხელისუფლება კომპენსაციას. მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა სწორედ ის არის, რომ მიიღოს კომპენსაცია იმ კატასტროფული ზარალის ასანაზღაურებლად, რომელიც მიადგა. მთავრობის პასუხი ამასთან დაკავშირებით არის ის, რომ ბიუჯეტში თანხები არ არის. ჩვენ, „ევროპული საქართველო“ ვთავაზობთ ხელისუფლებას, რომ ვიპოვით ამ თანხებს ბიუჯეტში, მთავარია იყოს ხელისუფლების მზაობა, რომ თავის ბიუროკრატიულ ხარჯებზე უარი თქვას“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა და ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლელა ქებურიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ზარალის ანაზღაურება პოლიტიკური სპეკულაციის თემაა.

„არ გვაქვს ის ექსტრა რესურსი, რომელიც ახლა შეიძლება გამოვიყენოთ ამ კუთხით, მაგრამ რა რესურსებიც გვაქვს და რასაც ვიპოვით, უნდა მივმართოთ პრობლემის მოსაგვარებლად“, – აღნიშნა მინისტრმა.

მავნებლისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურება გუშინ, ზუგდიდში გამართულ აქციაზეც მოითხოვეს. ზუგდიდის ვიცე-მერის ზაზა გულორდავას თქმით, დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გადახდა სამართლიანი იქნება.

„სამართლიანი იქნება ალბათ, როგორც კახეთში მოხდა სტიქიური უბედურების შედეგად მოსახლეობის მიმართ კომპენსაციის გაცემა, ესეც შეიძლება ჩაითვალოს სტიქიურ უბედურებად. არ აქვს მნიშვნელობა ზეციური ძალები გაანადგურებს მოსავალს, თუ ეს მწერები. თუ მშიერი დარჩება ადამიანი, მას სჭირდება გარკვეული კომპენსაცია“, - აღნიშნა ზაზა გულორდავამ.

აზიური ფაროსანა - ყავისფერი, მარმარა სუნიანი ბაღლინჯო (halyomorpha halys) საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მწერმა ისევე როგორც შარშან, თხილის მოსავალს წელსაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. თხილის გარდა, ბაღლინჯო აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას. მავნებელმა გაანადგურა სიმინდის მოსავალიც.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, სამეგრელოსა და გურიაში, სადაც აზიური ფაროსანა ყველაზე მეტად არის გავრცელებული, 82 500 ჰექტარი ფართობია დამუშავებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]