სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები 1 მაისს, 23:35 საათზე სოფელ სამებიდან 11 კილომეტრში, 9 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. განმეორებითი, 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დილით, 07:29 საათზე იყო. მეორედ მიწისძვრა სოფელ სამებიდან 9 კილომეტრში მოხდა.
სომხეთ-საქართველოს საზღვართან, ჯავახეთის ზეგანზე მდებარე სოფელ სამებაში ბოლო წლების განმავლობაში მიწისძვრები ხშირად ხდება. მიმდინარე წლის 13 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 6.2 მაგნიტუდა შეადგინა. მისი ეპიცენტრი დაუსახლებელ ადგილზე იყო, თუმცა სამებაში სახლები დააზიანა და დაბზარა. ბიძგები დანარჩენ საქართველოშიც იგრძნობოდა.