ბრალდებულმა განაცხადა, რომ ის დანაშაულს აღიარებს, ინანიებს, ბოდიშს იხდის ძალადობის გამო და პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს.
„ბატონო მოსამართლე, ღმერთს გეფიცებით, რომ აღარასოდეს გავიმეორებ, ძალიან ვნანობ ჩემს საქციელს. აღარ შემიძლია ციხეში ყოფნა, იქ ნუ გამიშვებთ და თუ გინდათ სასჯელს ახალციხის იზოლატორშიც მოვიხდი“, – ციტირებს ბრალდებულის მიერ სხდომის დარბაზში გაკეთებულ განცხადებას „სამხრეთის კარიბჭე“.
მოსამართლემ ბრალდებულის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.
ადვოკატის თქმით, ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით, ის პროკურატურას მიმართავს.
შეგახსენებთ, 27 წლის მამაკაცს ბრალი ედება იმ ქალის ცემაში, ვისთან ერთადაც ორი წელია ცხოვრობს და მცირეწლოვანი შვილიც ჰყავს. მამაკაცი ქალის ცემაში დაპატიმრებამდეც იყო მხილებული, 30 აპრილსა და 8 ივნისს შემაკავებელი ორდერებიც გამოიყენეს, თუმცა 23 ივლისს ქალი ქამრით ცემა.
მამაკაცს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლით ედება, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება). დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.