weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნამდვილად ვფიქრობ სამსახურიდან წასვლაზე – ცერცვაძე

11:02 ხუთშაბათი, 05 მაისი 2022

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ სამსახურიდან წასვლაზე ნამდვილად ფიქრობს, რადგან უსამართლო და უსაფუძვლო ცილისწამების გამო შეურაცხყოფილია. ცერცვაძემ Facebook-ზე განცხადება გამოაქვეყნა, მისივე თქმით, ინსინუაციების და არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან ასაცილებლად.

„მე ნამდვილად ვფიქრობ სამსახურიდან შესაძლო წასვლაზე ერთადერთი მიზეზით – ძალიან გულნატკენი და შეურაცხყოფილი ვარ იმ უკიდურესად უსამართლო, სინამდვილისგან და საღი აზრისგან სრულიად აცდენილ და აბსოლუტურად უსაფუძვლო ცილისწამებების და ბრალდებების გამო, რომლებიც ბოლო დღეებში ჩემი (და არამარტო ჩემი) მისამართით გამოითქმება (საბედნიეროდ, საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილის მიერ)“, – წერს ცერცვაძე.

მისი თქმით, ცდილობენ დააბრალონ, რომ კორონავირუსის მართვისთვის გამოყოფილ თანხებს ითვისებდა და ავადმყოფების მართვა ცუდად ხდებოდა.

„მაგალითად, ცდილობენ დამაბრალონ, რომ სხვებთან ერთად მონაწილეობას ვიღებდი COVID-ის მართვისთვის გამყოფილი 1 მილიარდი ლარის მითვისებაში?! მაშინ, როდესაც მთელი პანდემიის მანძილზე ჩემი შემოსავალი არცერთი მხრიდან 1 ლარითაც კი არ გაზრდილა.

უფრო მეტიც – იმ დანამატსაც კი არ ვიღებდი, რომელიც COVID ავადმყოფებთან მუშაობისთვის მეკუთვნოდა (რათა სხვებს არ დაკლებოდა), მხოლოდ დატვირთვა და ჯანმრთელობისთვის საფრთხე გაიზარდა და თან ძალიან სერიოზულად. და საერთოდ, მთელმა ქვეყანამ იცის, რომ მე ჩემი ხანგრძლივი საექიმო საქმიანობის მანძილზე არცერთი ავადმყოფისგან არასდროს კანონიერი ჰონორარიც კი არ ამიღია.

ცდილობენ დაგვაბრალონ, რომ საქართველოში COVID ავადმყოფების მართვა ძალიან ცუდად ხდებოდა?! ვმანიპულირებდით ავადმყოფების და საწოლების რაოდენობით?! რომ განგებ ვხოცავდით კლინიკებში COVID ავადმყოფებს?! და ასე განსაჯეთ ჯანმრთელ ადამიანებსაც კი?! და ყველაფერ ამით დიდ ფულს ვაკეთებდით?! და ვანგრევდით ქვეყნის ეკონომიკას?! და რომ ყველაფერი ამისთვის სამაგალითოდ და უმკაცრესად უნდა დავისაჯოთ?!

სინამდვილეში საქართველოში COVID ავადმყოფების ნაკადების მართვა და უშუალოდ ავადმყოფების მკურნალობა ერთ-ერთი საუკეთესო იყო და არის მსოფლიოში პანდემიის ყველა ეტაპზე.

კერძოდ, ევროპის და ამერიკის ბევრი წამყვანი ქვეყნისგან განსხვავებით საქართველოში (2020 წლის ბოლოს 2-3 კვირიანი მონაკვეთის გამოკლებით) არცერთი COVID ავადმყოფი არ დარჩენილა ექიმის და სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გარეშე და თან უმაღლესი სტანდარტების მკურნალობით. საკმარისია ითქვას, რომ კლინიკური მართვის ხარისხის მთავარი მაჩვენებელი – ყველა დადასტურებულ შემთხვევას შორის გარდაცვალების პროცენტი – ე.წ. CFR (case fatality rate) საქართველოს უფრო დაბალი აქვს და შესაბამისად გადარჩენის მაჩვენებელი უფრო მაღალი აქვს, ვიდრე მსოფლიოს 111 ქვეყანას, ხოლო ქვეყნის კლინიკებში ჰოსპიტალიზებული პაციენტების გარდაცვალების საშუალო პროცენტი უფრო დაბალია, ვიდრე ამერიკის და ევროპის ჩვენზე ბევრად ძლიერი ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნების ბევრ კლინიკაში. აღარაფერს ვამბობ ბინაზე COVID გარდაცვალების შემთხვევებზე, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში“, – აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე.

ცერცვაძე აცხადებს, რომ სხვა საკითხებიც არის, თუმცა ის მათ არ ასახელებს და ამბობს, რომ კარგად ესმის, ადამიანი ცხოვრებაში უსამართლო დამოკიდებულებას და დაუმსახურებელ ბრალდებებს ვერ ასცდება.

„ისიც ვიცი, რომ საქართველოში ხშირად მოქმედებს პრინციპი „დამიჭირეს, მკლავი მომჭრეს, რატომ კარგი აგიგია“, მაგრამ ამჟამად უსამართლო დამოკიდებულება იმდენად ზღვარგადასულია, რომ თავის გაკონტროლება მიჭირს“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა დაახლოებით ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ სახელმწიფომ ორი წლის განმავლობაში კოვიდ-კლინიკებს 1 მილიარდი ლარი გადაუხადა. აზარაშვილის თქმით, კლინიკებში არ სრულდებოდა პაციენტების მიღებისა და გაწერის პირობები და პაციენტების რაოდენობის ზრდა ხელოვნურად ხდებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]