„ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე, 1991 წელს დაბადებული გ.შ. და 1997 წელს დაბადებული ბ.შ. თბილისში, შუამთის ქუჩაზე, საპოლიციო ღონისძიების შედეგად დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მართვის უფლების არმქონე ბ.შ. მიმდინარე წლის 15 აპრილს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 39-ე კილომეტრზე, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილით, განზრახ შეეჯახა პოლიციელის ავტომანქანას და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირებთან - გ.შ.-სთან და მ.ხ.-სთან ერთად მიიმალა“, – აცხადებენ შს სამინისტროში.
შსს-ს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო სამმართველოს უფროსმა, დავით მიქიაშვილმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.
„სამართალდამცველებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ბ.შ. შუამთის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მდებარე ბინაში დააკავეს. მასთან ერთად, ასევე დაკავებულია გ.შ., რომელსაც ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება“, – აცხადებენ შსს-ში.
რაც შეეხება მესამე პირს – მ.ხ.-ს, ის დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, 5 მაისს, ზუგდიდში დააკავეს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.