weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თუ დამაპატიმრებენ, პრეზიდენტად წოდებულ ზურაბიშვილს არაფერი სთხოვოთ – გვარამია

18:51 ოთხშაბათი, 11 მაისი 2022

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ოჯახის წევრებს და თანამშრომლებს მიმართა, დაპატიმრების შემთხვევაში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალების თხოვნით არ მიმართონ.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გვარამიას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვა დასრულდა. პროკურატურა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ გენერალურ დირექტორად მუშაობის პერიოდში, ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მითვისებას და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვას ედავება. ნიკა გვარამია თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

„მინდა მივმართო ყველას, არასდროს არაფერი ჩემთან დაკავშირებით არ სთხოვოთ პრეზიდენტად წოდებულ სალომე ზურაბიშვილს. კატეგორიულად მოვითხოვ! ამას თუ გააკეთებთ, ეს იქნება ჩემი დამცირება და თავისუფლებაზე გამოსვლა კი არა, მონობაში გამოსვლა, რამეთუ არათავისუფალი ადამიანი თავისუფლებისთვის მებრძოლს თავისუფლებას ვერ მიანიჭებს; რამეთუ ადამიანი, ვინც ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო და ჩვენ მძინარე ცხინვალი დავბომბეთ, ქართველ პატრიოტს მისგან არაფერი სჭირდება; რამეთუ ადამიანი, რომელიც თანამედროვე საქართველოს დამფუძნებლის, მესამე პრეზიდენტის სიკვდილს უყურებს და ამბობს, რომ „არა და არასდროს“... ამასთან დაკავშირებით თხოვნა ნამდვილად გამართლებული იყო. მას არავინ სთხოვდა მიშას თავისფლებას, სთხოვდნენ, რომ სიცოცხე გადაერჩინა... ყველას მოგიწოდებთ, ამ ადამიანის მიმართულებით სიტყვა არ დაიძრას. არა და არასდროს! ეს არის ჩემი პოზიცია მისივე ციტირებით“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას.

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა „უკვე მეორეჯერ აღძრა მის წინააღმდეგ საქმე, რომელიც ფინანსურ არაკეთილსინდისიერებას ეხება“.

„პირველი საქმეზე, სადაც მე გავმართლდი, სამი თუ ოთხი დღე ვიყავი წინასწარი დაკავების იზოლატორში. იმ სამ დღეში გადავწყვიტე, რომ ჩემს ცხოვრებას მივუძღვნიდი ბიძინა ივანიშვილის ცხოვრების გამწარებას.

გარდა სხვა დანარჩენისა, რაც მერე კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა, იქ, იმ სამ დღეში გადავწყვიტე, რომ ჩემი თავი მსხვერპლად შემეწირა მისი გამწარებისთვის და ახლა ვეუბნები აქედან: სადაც არ უნდა ვიყო, რამდენი ხანიც არ უნდა ვიყო, სახეს ავახევ.

მემგონი, არ დასჭირდება, რადგან ამ თვის ბოლომდე ისედაც ასე იქნება, მაგრამ მეც შევიტან ჩემს წვლილს ამაში. აუცილებლად!

შემდეგი, რაც ძალიან მინდა გთხოვოთ: აქ სხედან სხვა ადამიანები ბრალდებულის სკამზე, რომლებიც რეალურად, სლენგით რომ ვთქვა, არიან „პრიკუპში“ მოყოლილები, იმიტომ, რომ ჩემთვის ბრალის წარდგენა არ გამოვიდა მათ გარეშე, უცნაური რამის თქმა მომიწევს: არარსებულ დანაშაულებს ვიღებ საკუთარ თავზე, ყველას. თუ ვინმე, უნდა გაუშვათ ციხეში, მხოლოდ მე ვიყო. ბუნებაში რაც არ არის იმას, ვიღებ ყველას საკუთარ თავზე“, – განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, თუ სასამართლო მას დამნაშავედ ცნობს, მაგრამ პატიმრობის ნაცვლად, ჯარიმას შეუფარდებს, ეს მის დამოკიდებულებას არ შეცვლის.

„თუ ვინმეს ილუზია აქვს, რომ პატიმრობის არმისჯის პირობებში, მაგალითად, ჯარიმას მომისჯის და ეს რაიმე შემსუბუქება იქნება, ან ბიძინა ივანიშვილს ეს გადაარჩენს ან სანქციებისგან ან ჩემი უმოწყალო შურისძიებისგან, ძალიან შემცდარა. აბსოლუტურად იდენტურად მივიღებ პატიმრობასაც და ჯარიმასაც.

ჩემთვის მნიშვნელოვანი ის კი არ არის, ციხეში გამიშვებთ, თუ გარეთ დამტოვებთ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მკაფიო იყოს ჩემი სინდისი, უდანაშაულობა და სიმართლე. ნებისმიერ ჯარიმა მე მაკარგვინებს თავისუფლებას, მაკარგვინებს პროცესიას, რომელსაც ჰქვია ადვოკატობა, მაკარგინებს მომავალს, მაკარგინებს, მაგალითად სააკაშვილთან ვიზიტების უფლებას. ამიტომ, თუ სადღაც მაინც გაივლო ვინმემ ეს თავში, რომ ამით სიტუაცია დამშვიდდება, არ დამშვიდდება. თუ უდანაშაულო ნიკა გვარამიას გამართლებას არ აპირებთ, თქვენთვისვე უკეთესია ნიკა გვარამია იყოს შიგნით ვიდრე გარეთ. ამას ბიძინა ივანიშვილს ვეუბნები პირველ რიგში“, – აცხადებს ნიკა გვარამია.

პროკურატურის მტკიცებით, ნიკა გვარამია ბოროტად იყენებდა თავის ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, არ მოქმედებდა კეთილსინდისიერად და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე. საქმის ერთ-ერთი ეპიზოდი ეხება „რუსთავი 2-სა“ და შპს „ინტერ მედია პლიუსს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებს ეთერში რეკლამის განთავსების შესახებ. პროკურატურის განცხადებით, ნიკა გვარამიამ მისი მეგობრების კუთვნილი შპს „ინტერ მედია პლიუსისგან“ განზრახ არ მოითხოვა ტელეკომპანიის კუთვნილი 6 763 510 ლარი.

„კომპანიამ 2016 წლის დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით, (შპს „ინტერ მედია პლიუსს“ ამ ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოადგენდა „რუსთავი 2-ის“ იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი) საკუთრებაში მიიღო, თბილისში, ვაკის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში მდებარე 565 226 ლარის ღირებულების 2 საცხოვრებელი ბინა, საერთო ფართით, 240 კვ.მ. 2017 წლის მარტში, ორივე ბინა საკუთრებაში გადაეცა ნიკა გვარამიას, რომელმაც იმავე წლის ივლისში და სექტემბერში საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია მოახდინა - საერთო ჯამში 602 521 ლარად“, – აცხადებდნენ პროკურატურაში.

ნიკა გვარამია კი ამბობს, რომ არათუ დანაშაული არ ჩაუდენია, არამედ მისი დირექტორობის პერიოდში იყო „რუსთავი 2“ ყველაზე რეიტინგული და მაღალშემოსავლიანი ტელევიზია.

ამავე საქმეზე ბრალდებულები არიან „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორი ზურაბ იაშვილი და „რუსთავი 2-ის“ ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]