შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1993 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს და 1996 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ნ.ბ.-ს ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა და კულტივირება, ასევე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ.
„სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე მ.ბ.-ის ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივაციისთვის განკუთვნილი მოწყობილობები ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – აცხადებენ შსს-ში.
მარიხუანის დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ბრალდებით მესამე პირი, 2000 წელს დაბადებული დ.გ. ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, ვარკეთილის მე-3 მასივში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული დ.გ.-ის პირადი ჩხრეკისას, 45 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულია 6 ძირი კანაფი და ნარკოტიკული საშუალების შემცველი აღნიშნული მცენარის გასაზრდელად განკუთვნილი ე.წ. კაბინა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 265-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვას, მოყვანას ან კულტივირებას გულისხმობს. შსს-ს თანახმად, დანაშაულები 4-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.