გიორგი გაბუნიამ განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, კოლეგებთან ერთად გააკეთა.
„სამწუხაროდ, ჩვენი სასამართლოსგან ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო. დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა და გამოჩნდა, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს. ჩვენი ქვეყანა, სამწუხაროდ, იქცა დაშინებული, ძალადობის ქვეშ მყოფი, არათავისუფალი ადამიანების კონგლომერაციად, რომლებიც შემთხვევით გავჩნდით ერთ ტერიტორიაზე. სამწუხაროდ, არც ენა, არც მამული და არ სარწმუნოება აღარ არის ჩვენი ერის და ქვეყნის გამაერთიანებელი ნიშნები, იმიტომ, რომ ვხედავთ, ჩვენ არ გვაქვს არც მამული – უკვე დაფლეთილია ჩვენი ქვეყანა; არ გვაქვს არც ენა, იმიტომ, რომ წერა-კითხვაც კი აღარ ვიცით წესიერად ან თუ ვიცით, ამას ვიყენებთ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის დასახლეჩად და ასეთი გადაწყვეტილებების მისაღებად; სარწმუნოებაც, სამწუხაროდ, ფარსად იქცა, განსაკუთრებით ბოლო წლებში.
ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, უფრო მეტად ვიდრე აქამდე, იმიტომ, რომ ახლა კიდევ ერთი, დამატებითი მიზეზი გვაქვს იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე თავისუფლებისთვის, არამარტო ნიკას თავისუფლებისთვის.
ამჯერად სახელმწიფომ, „ქართულმა ოცნებამ“ ასე მოინდომა და ნიკა გვარამია გახადა ქვეყნის თავისუფლების კიდევ ერთ სიმბოლოდ, არა ერთადერთად, სამწუხაროდ. ნიკა არ არის ერთადერთი, მაგრამ ჩვენთვის არის თავისუფლების ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლო, რომელთან ერთადაც ჩვენ ამდენი წელი გავატარეთ ამ ყველაზე ძვირფასი მონაპოვარისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლაში“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, ეს ბრძოლა არ იქნება ეს მარტივი, რადგან ხელისუფლება „მთავარი არხის“ მოხრჩობას ცდილობს.
„მაგრამ „მთავარი არხი“ - ნიკა გვარამიას ბოლო წლების მთავარი ქმნილება - ჩვეულებრივ გააგრძელებს მუშაობას. სწორედ ნიკას, როგორც მენეჯერის, დამსახურებაა ის, რომ ჩვენი ორგანიზაცია ისეა აწყობილი, რომ ყველა ჩვენგანს შეგვიძლია აწყობილი საათივით მუშაობა.
ერთადერთი პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის ფინანსური პრობლემა და ესეც მოდის ქვეყნის პრობლემიდან, იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანას აღარ აქვს აღარც ეკონომიკა, აღარ აქვს არანაირი დოვლათი და პლიუს, რა თქმა უნდა, ჩვენს მოხრჩობას წლების განმავლობაში ცდილობენ ფინანსური პრობლემებით. ჩვენ ამასაც გადავლახავთ.
ბრძოლა გრძელდება! ბრძოლა გრძელდება იმისთვის, რომ საქართველ იქცეს ისევ სახელმწიფოდ, როგორიც ოდესღაც იყო - თავისუფალ, დამოუკიდებელ, მედგარ, თამამ, არა მშიშარა და საამაყო, სანიმუშო სახელმწიფოდ“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად მუშაობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურა გვარამიას ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ მოქმედებას ედავებოდა. კერძოდ, ამტკიცებდა, რომ მას მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო „რუსთავი 2“-სთვის და ეს შემოსავალი არ მიიღო. ნიკა გვარამია თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.