weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თბილისში მწვანე ნარგავების უკანონო ჭრაზე ჯარიმები 10 000 ლარამდე გაიზრდება

14:11 ოთხშაბათი, 18 მაისი 2022

თბილისში მწვანე ნარგავების დაზიანებისა და უკანონო ჭრის მიმართულებით რეგულაციები გამკაცრდება. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავა.

„უნებართვო ჭრების და ხეების მიზანმიმართულად დაზიანების ფაქტები ძალიან ხშირად ფიქსირდება. შესაბამისად, გვინდა, რომ ამ მიმართულებით ჩვენი მიდგომები კიდევ უფრო გავამკაცროთ. მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც საქართველოს პარლამენტს გაეგზავნება და დარწმუნებული ვარ, მათი მხარდაჭერით, შევძლებთ, არსებული კანონმდებლობის გამკაცრებას.

შემოთავაზებული ცვლილებით, გამკაცრდება კანონმდებლობა უკანონო ჭრებისთვის და გაიზრდება 500 ლარიდან 5000 ლარამდე, ხოლო განმეორებითი ჩადენის შემთხვევაში, 1000-ლარიანი ჯარიმა გაიზრდება 10 000 ლარამდე“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში შეიცვლება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობის გამოთვლის წესი.

„რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც ვერ დგინდება უნებართვოდ მოჭრილი მწვანე ნარგავის სახეობა და შესაბამისი ზიანი, ამ შემთხვევაში, ზიანის ოდენობად განისაზღვრება 5000 ლარი. აღნიშნული საკანონმდებლო პროექტით, ასევე, იცვლება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობის გამოთვლის წესი და კატეგორიების მიხედვით არსებული შემასწორებელი კოეფიციენტები სამმაგდება.

ასევე, იმ ადგილებზე, სადაც განხორციელდა მწვანე ნარგავის უკანონო ჭრა, აიკრძალება შენობის განთავსება და მშენებლობის პროცესში ნებისმიერი მექანიკური დაზიანებისას პასუხისმგებლობა ნებართვის მფლობელს დაეკისრება.

გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანები მშენებლობის დროს ნარგავებს ჭრიან წინასწარ ან აფუჭებენ. შემდეგ მოდიან თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში და ითხოვენ ნებართვის მიღებას. არცერთ ასეთ შემთხვევაზე არ მოხდება ნებართვის გაცემა და არ მიეცემათ პირებს მშენებლობის უფლება, სადაც მწვანე ნარგავი წინასწარ დაზიანებული ან მოჭრილი იქნება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ცუდი მდგომარეობაა საექსპერტო დასკვნებთან დაკავშირებით. ამ მიმართულებითაც გამკაცრდება კანონმდებლობა. კერძოდ, თუ ექსპერტი წარმოადგენს არასწორ დასკვნას, იგი დაჯარიმდება, ხოლო განმეორებით არასწორი დასკვნის წარდგენის შემთხვევაში, საქმიანობის უფლება საერთოდ შეუჩერდება და ვეღარასდროს გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, აღნიშნული რეგულაციების დროულად ამოქმედების უზრუნველსაყოფად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს დაევალება საკანონმდებლო პროექტების წარდგენა საკრებულოსა და პარლამენტის წინაშე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]