weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

DCFTA-ში მოცემული სამართლებრივი აქტების ნახევარზე მეტს უკვე დავუახლოვდით - სონღულაშვილი

16:45 ორშაბათი, 30 მაისი 2022

პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარდგა და პარლამენტის წევრთა 7-კაციანი ჯგუფის - დავით უსუფაშვილის, ანა ნაცვლიშვილის, სალომე სამადაშვილის, შალვა შავგულიძის, არმაზ ახვლედიანის, თამარ კორძაიას და დილარ ხაბულიანის შეკითხვას უპასუხა.

პრემიერ-მინისტრის გამოსვლის შემდეგ, პლენარულ სხდომაზე გაიმართა დებატები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის უფრაქციო წევრებმა, პოლიტიკურმა ჯგუფებმა, საპარლამენტო ოპოზიციაში და უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლებმა.

პარლამენტში ინტერპელაციის წესით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტენდენციებისა და მიღებულ შედეგებზე ისაუბრა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს დიდი შესაძლებლობა აქვს, შეასრულოს ხიდის როლი ევროპასა და ცენტრალური აზიის ენერგეტიკულ ბაზრებს შორის.

„მე საშუალება მაქვს გარკვეულწილად შევაჯამო ჩემი კოლეგების გამოსვლები და ჯამში, ვისაუბრო ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტენდენციებისა და ჩვენი მუშაობის შედეგებზე. რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობა, პოსტპანდემიური სიტუაცია და რუსეთის არაპროვოცირებული ომი უკრაინაში, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზეც. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, აქცენტს ენერგო უსაფრთხოებაზე გავაკეთებ და შევეხები საქართველოს, როგორც დიდი ენერგო პოტენციალის მქონე ქვეყნის როლს და შესაძლებლობას, შეასრულოს ხიდის როლი ევროპასა და ცენტრალური აზიის ენერგეტიკულ ბაზრებს შორის. განსაკუთრებით გავამახვილებ ყურადღებას შავი ზღვისქვეშა საკაბელო პროექტის, როგორც კავკასიის ელექტროენერგიის ჰაბად ჩამოყალიბების მიმართულებით, რომლის მშენებლობაც მნიშვნელოვანი და პერსპექტიული პროექტია საქართველოს ენერგოსისტემისთვის. აუცილებელია ქვეყანამ გააგრძელოს განახლებადი ენერგიის ობიექტების მშენებლობა, იმისთვის, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ შიდა რესურსები და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი იმპორტის ვალდებულება. ამ ნაწილში, არ შემიძლია არ შევეხო იმ განხორციელებულ სამუშაოებს, რომელიც ასოცირების შეთანხმება და ენერგეტიკული გაერთიანების ვალდებულებების შესრულება მოიცავს,“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

პარლამენტის წევრმა, სიტყვით გამოსვლისას აქცენტი ექსპორტის პოზიტიურ დინამიკაზეც გააკეთა და ამ ნაწილში, ხაზი გაუსვა მთავრობის თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას.

„შევეხები ექსპორტის საკითხსაც და აღვნიშნავ, რომ საგარეო შოკების მიუხედავად, პოზიტიური დინამიკა გვაქვს. თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკისა და მთავრობის მიზნობრივი მხარდამჭერი პროგრამების შედეგად, გაზრდილია ექსპორტი ჩინეთში, აშშ-ში, ბულგარეთში, შვეიცარიაში, თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. გარდა ზემოაღნიშნულისა, მნიშვნელოვან რეფორმებს ვახორციელებთ DCFTA-ს სარგებლის სრულად ათვისების მიზნით, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული ადგილი, საქართველოს კანონმდებლობის, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას უკავია. ეს კი ნიშნავს, ევროპული სტანდარტების დანერგვას და ევროპულ პრაქტიკასთან მიახლოებას. საერთო ჯამში, საქართველოს კანონმდებლობა, DCFTA-ით გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტების ნახევარზე მეტთან, უკვე დაახლოებულია. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყანა, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ქონის კუთხით, უნიკალური პოზიციის მქონეა რეგიონში. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს შესაბამისი ხელშეკრულებები ევროკავშირითან, ჩინეთთან და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან, ქართულ ბიზნესს აქვს წვდომა 2 მილიარდზე მეტი მოსახლეობის ბაზართან და ჩვენ აუცილებლად მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს პოტენციალი. უახლოეს მომავალში ყველა ბიზნეს ასოციაციასა და გაერთიანებას მოვუსმენთ, რომლებიც ქვეყნებს შორის სავაჭრო და სხვა სახის თანამშრომლობაზეა ორიენტირებული,  და ეკონომიკის სამინისტროს ამოცანა იქნება, გაანალიზოს, დაგეგმოს და შემდგომ განახორციელოს კონკრეტული ღონისძიებები ამ პოტენციალის სრულად ათვისებისთვის. საგულისხმო ცვლილებები გვაქვს საინვეტიციო სტრუქტურაში და ამაზე მსურს თქვენი ყურადღების გამახვილება: ადრე თუ ისეთ დარგებში კეთდებოდა ინვესტიციები, რომელსაც ჰქონდა სწრაფი ამონაგები, ახლა ჩვენ ორიენტირებულები ვართ მდგრად შედეგებზე, რადგან ჩვენი მიზანი, სწორედ გრძელვადიან შედეგების მიღებაზე ფიქრია და რა თქმა უნდა, ამაში სახელმწიფოს როლი არის უმნიშვნელოვანესი. სახლმწიფომ უნდა გააგრძელოს  ხელშეწყობის პროგრამები, რომელიც ემსახურება სასურველი ბიზნეს-კლიმატის შექმნასა და მეწარმეების ხელშეწყობას. ფოკუსი და ორიენტაცია, ის აქცენტები, რომელიც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ემსახურება მოსახლეობის თანამონაწილეობის უზრუნველყოფისკენ უნდა მივმართოთ. მეტი დოვლათი შეიქმნება მაშინ, როდესაც სახელმწიფო იზრუნებს პირობებზე, ხოლო ბიზნესს უკეთესი ნიადაგი ექნება ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის.  ეს არის ინკლუზიური ეკონომიკის ჩამოყალიბების საფუძველი. ეკონომიკა ეკონომიკისთვის კი არ უნდა გაიზარდოს, არამედ თითოეული მოსახლის კეთილდღეობაზე უნდა ისახებოდეს,“ - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ინტერპელაციის წესით, სიტყვით გამოსვლის დასასრულს დავით სონღულაშვილმა „ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობაზე და „შუა დერეფნის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„რაც შეეხება ტურიზმს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო მუშაობა საქართველოს კანონის პროექტზე „ტურიზმის შესახებ“. დარწმუნებული ვარ, კანონპროექტი ხელს შეუწყობს როგორც ქვეყნის ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას, ასევე, მიაღწევს მნიშვნელოვან პროგრესს, როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული და დასაქმების თვალსაზრისით. ისევ უკრაინის ომს და რუსეთის მიმართ  განხორციელებულ სანქციებს დავუბრუნდები. რუსული კომპანიებისა და ორგანიზაციების სანქცირების მექანიზმის ამოქმედებამ, ახალი შესაძლებლობის ფანჯარა გახსნა ჩვენთვის. საქართველოზე გამავალ სატრანზიტო დერეფანს დიდი პერსპექტივები გააჩნია და ამასთან, „შუა დერეფნის“ მეშვეობით უკვე დაწყებულია გადაზიდვების განხორციელება. მარტივად, ციფრებში რომ გადავიყვანოთ, ეს ნიშნავს ქვეყნისთვის დაახლოებით 300 მლნ. ლარის დამატებით შემოსავალს. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, ეს არ არის მაქსიმუმი. ტრანსპორტს, გადაზიდვებს, სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციებს, უნდა შევხედოთ, როგორც ინსტრუმენტს. გვჭირდება კომპლექსური მიდგომა - სარკინიგზო გადაზიდვები ერთი, მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც ერთი რგოლია ერთიანი სისტემის. შუა დერეფნის ახალი შესაძლებლობების სრულყოფილი გამოყენებისთვის, მისი ყველა რგოლის ანალიზი გვმართებს - დაწყებული ტრანსპორტიდან, დასრულებული ვაჭრობის ყველა ვექტორის გაძლიერებით. ტვირთების მიმღები და გადამამამუშავებელი სექტორის, ახალი სასაწყობე მეურნეობების ჩამოყალიბების, გადაზიდვების ლოკალური ჰაბების, სატრანსპორტო კომპანიების გადმოყვანისა და რელოკაციის ჩათვლით. ამ შემთხვევაში, საქართველო აღარ იქნება მხოლოდ გამტარი, არამედ გახდება ლოგისტიკური და შემნახველი ცენტრი, რომელიც მსოფლიო ბაზრის ფასების ცვლილებების ტრენდს გაყვება და მიწოდების ჯაჭვში დამატებით ღირებულებას შექმნის. ყოველივე ზემოაღნიშნული კი ნიშნავს პოზიტიურ გავლენას ჩვენს ეკონომიკაზე. ნიშნავს, ეკონომიკურ გამოწვევებზე შესაბამის რეაგირებას, ნიშნავს, ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას და ნიშნავს, ეკონომიკურ ინტეგრაციას.

[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]