„გამოძიებით დადგინდა, რომ გ.გ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა 2006 წელს დაბადებულ ლ.ა.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
დაკავებულის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა ტელეკომპანია „მთავართან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ 15 წლის ბიჭს დანაშაული არ ჩაუდენია და არანაირი შეხება არ აქვს „იმ ჯანმრთელობის დაზიანებასთან, რის გამოც ერთ-ერთი ბავშვი ამჟამად სამედიცინო დახმარებას გადის“.
„ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, გავაკეთებ ყველაფერს, რათა ეს გაურკვევლობა გაირკვეს, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. ამ ბავშვს არ აქვს ჩადენილი დანაშაული და მეორე – ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ ის თანამშრომლობს გამოძიებასთან. ჩვენს ინტერესშია, რომ ჩატარდეს სრულყოფილი გამოძიება“, – განაცხადა ჩოფიკაშვილმა.
15 წლის ბიჭი 30 მაისის საღამოს, სამგორის რაიონში დაჭრეს. ექიმების ინფორმაციით, მას ჭრილობა მუცელში ჰქონდა მიყენებული და გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბში 15-მდე მოზარდი მონაწილეობდა, მათ შორის კონფლიქტი კი სკოლაში დაიწყო.