weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სტაჟიორებს საჯარო სამსახურში საქმიანობის პერიოდი სამუშაო სტაჟად ჩაეთვლებათ

14:44 ხუთშაბათი, 02 ივნისი 2022

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება, რომლის თანახმად, სტაჟიორებს საჯარო სამსახურში საქმიანობის პერიოდი სამუშაო სტაჟად ჩაეთვლებათ.

კანონპროექტის ავტორის, „ქართული ოცნების“ წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, ამ დროისთვის კანონი არ იცნობს ტერმინებს „სტაჟიორი“ და „სტაჟირება“ და საჯარო უწყებებში სტაჟირება, ფაქტიურად, ინდივიდუალურ პრაქტიკად არის ჩამოყალიბებული.

მიქანაძის თქმით, სტაჟირების პერიოდი სტაჟიორს არ აძლევს საშუალებას, დაიგროვოს შრომითი სტაჟი, რომლითაც შესაძლებლობა ექნება შემდგომში სხვადასხვა საფეხურის კონკურსებში მიიღოს მონაწილეობა, დაიკავოს კონკრეტული პოზიციები და კარიერულად განვითარდეს.

„სწორედ ამიტომ, ფრაქციაში მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ კანონში შევიდეს ცვლილება, რომლის საფუძველზეც გაჩნდება ტერმინები სტაჟირება და სტაჟიორი“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, კანონპროექტით შემოდის კანონის უკუქცევითი ძალა, რომლის საფუძველზეც ყველა იმ პირს, რომელიც პარლამენტში, უმაღლესს საბჭოსა თუ საკრებულოს ფრაქციაში როდესმე საქმიანობდა, ეს პერიოდი ჩაეთვლება სამუშაო სტაჟად.

„ქართული ოცნების“ კანონპროექტის თანახმად, კანონს დაემატება ახალი თავი, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს სტაჟირების წესს და მითითებული იქნება კონკრეტული კრიტერიუმები, რომლითაც უნდა მოხდეს სტაჟიორების შერჩევა.

კანონპროექტის მიხედვით, სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს პირი, რომელიც სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ (დამამთავრებელი წლის შემთხვევაში), მეორე ან მესამე საფეხურზე ან პროფესიული განათლების საფეხურზე (დამამთავრებელი წლის შემთხვევაში) ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების ერთ-ერთი საფეხური და საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დასრულებიდან გასული არ არის 5 წელზე მეტი.

კანონპროექტით, პირის ერთსა და იმავე საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 თვის ვადით.

გივი მიქანაძის განცხადებით, კანონპროექტით შემოდის ჩამკეტი მექანიზმი, რაც იმას გულისხმობს, რომ თითოეულ საჯარო უწყებაში დასაქმებული სტაჟიორების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საშტატო შემადგენლობის სამ პროცენტს თითოეულ პერიოდზე, რომელსაც უწყებები დაადგენენ.

სტაჟიორს უფლება ექნება ერთსა და იმავე დამსაქმებელთან სტაჟირება გაიაროს მხოლოდ ორჯერ. კანონის მიღების შემდეგ სტაჟირების პერიოდი ჩაითვლება სამუშაო სტაჟად და საჯარო დაწესებულებაში სტაჟირება არ იქნება ანაზღაურებადი.

კანონპროექტის მიღება უახლოეს პერიოდში იგეგმება. ის ძალაში 2022 წლის პირველი ივლისიდან შევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]