weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი დაუსაბუთებელია – საია

17:42 პარასკევი, 03 ივნისი 2022

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ (საია) მიაჩნია, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი დაუსაბუთებელია.

საია-ს შეფასებით, სასამართლოში საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე არსებულ კითხვებს, რაც ბრალდებულთა მიმართ ბრალის წარდგენის, სასამართლო განხილვის, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის სტანდარტებთან და მოსამართლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან მიმართებით არსებობდა, სასამართლო არც განაჩენში პასუხობს.

ე.წ. 2015 წლის ეპიზოდი

ე.წ. 2015 წლის ეპიზოდში, მოსამართლემ ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილი ბრალის კვალიფიკაცია შეცვალა და დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. ამ ეპიზოდში, ნიკა გვარამიას ბრალად ედებოდა 2015 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სარეკლამო შემოსავლების ხელოვნურად შემცირების გზით ტელეკომპანიისთვის განზრახ ზიანის მიყენება.

„მოწმეთა ჩვენებაზე დაყრდნობით მოსამართლე განმარტავს, რომ წლის ბოლო კვარტალი (სექტემბერი-დეკემბერი) ტელევიზიებისთვის არის ყველაზე მომგებიანი პერიოდი, თუმცა 2015 წლის ბოლო კვარტალში „რუსთავი 2“-ის შემოსავალი მკვეთრად შემცირდა, რასაც უკავშირებს კახაბერ დამენიას და ნიკა გვარამიას მიერ არსებული მიდგომის შეცვლას და „ინტერ მედია პლიუსიდან“ შემცირებული თანხის მოთხოვნას.

აქვე ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ 2015 წლის იანვარში შეიცვალა რეკლამის განთავსების წესი, რამაც გავლენა იქონია მანამდე არსებულ შედეგებზე, ხოლო აღნიშნულს, სასამართლო შეფასების გარეშე ტოვებს.

ამასთანავე, გაუგებარია, სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ნიკა გვარამიას განზრახული ჰქონდა ქიბარ ხალვაშის მიერ სარჩელის შეტანის შემდეგ „რუსთავი 2“-სთვის ზიანის მიყენება, რადგან მას გაუჩნდა ტელეკომპანიაში წილის მფლობელის ცვლილების გონივრული მოლოდინი, მაშინ როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ჯერ კიდევ არ იყო გამოტანილი. ამასთანავე, სასამართლოს, ამ მსჯელობაზე დაყრდნობისას, არ უჩნდება კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ არსებობდა ბრალდებულების მხრიდან ტელეკომპანიისთვის ზიანის მიყენების განზრახვა, რატომ არ გაგრძელდა აღნიშნული განგრძობადად მომდევნო პერიოდებშიც, განსაკუთრებით სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, როდესაც რეალურად უნდა გაჩენილიყო ტელეკომპანიაში მესაკუთრის ცვლილების მოლოდინი და არა სარჩელის შეტანისას“, – აცხადებს საია.

საია-ს ინფორმაციით, ე.წ. 2015 წლის ეპიზოდთან მიმართებით სასამართლო აფასებს მენეჯერული უფლებამოსილების განხორციელებისას მიღებულ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, გვარამიას მიერ დადებულ ხელშეკრულებას და აღნიშნული ხელშეკრულების გავლენებს.

„მიგვაჩნია, რომ ეს არ წარმოადგენს სისხლის სამართლის კანონმდებლობით შესაფასებელ ქმედებას. ჩვენი მოსაზრებით, 2015 წლის ხსენებულ პერიოდში „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენები, რეკლამის განთავსების წესის ცვლილება და მათი გავლენა კომპანიის მიერ შემოსავლის მიღებაზე სასამართლოს ყოველმხრივ სრულად და ობიექტურად არ აქვს შეფასებული, რის გამოც, მიგვაჩნია, რომ განაჩენი, ამ ეპიზოდთან მიმართებით ვერ აკმაყოფიულებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“, – აცხადებს საია.

ე.წ. 2015 წლის ეპიზოდზე სასამართლომ ნიკა გვარამიას ჯარიმის სახით 50 000 ლარი შეუფარდა.

ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდი

სასამართლომ ამ ეპიზოდშიც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნო ნიკა გვარამია დამნაშავედ. გვარამიას ბრალი ედებოდა იმაზე, რომ მან პირადი სარგებლობისთვის შეიძინა ავტომობილი შპს „პროესკო მედიასგან“ და თანხის ანაზღაურება ხდებოდა კონტრაქტორითვის „რუსთავი 2“-ის სარეკლამო დროის ანაზღაურების შემცირების ხარჯზე. საია-ს შეფასებით, განაჩენის ამ ნაწილში მოსამართლის შეფასებები წინააღმდეგობრივია.

„განაჩენში, მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით, მოსამართლე თავადვე აღნიშნავს, რომ ნიკა გვარამიას შეეძლო ავტომობილი პრემიის სახით მიეღო, მაგრამ როგორც სასამართლო განმარტავს მან დანაშაულებრივი სქემა არჩია, რაც მიგვაჩნია, რომ მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და შესაძლებელია შეფასდეს როგორც ალოგიკური მსჯელობა.

გაუგებარია, რატომ შეიძლება გაუჩნდეს ადამიანს დანაშაულებრივი გზით იმის მიღების სურვილი, რის მიღებაც მისი უფლებამოსილებას განეკუთვნება.

აქვე აღსანიშნავია, რომ სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს კომპანიის დირექტორის მიერ საკუთარი თავისთვის პრემიის გაცემის შესაძლებლობას, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ფულადი, ისე არაფულადი ფორმით გაცემული. ამდენად ნიკა გვარამია პრემიის სახით მიიღებდა ავტომობილს, თუ ტელეკომპანიის სხვა აქტივით მოხდებოდა ავტომობილის საფასურის გადახდა, როგორც სასამართლო განმარტავს, „დანაშაულებრივი სქემით“, „რუსთავი 2“-სთვის მატერიალურად იდენტური შედეგის მომტანი იყო და არ შეგვიძლია მივიჩნიოთ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულად“, – აღნიშნავს საია.

ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდზე ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სასამართლოს მსჯელობა განსაკუთრებით დაუსაბუთებელია სასჯელის პროპორციულობის ნაწილში.

„სასამართლო ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდზე საპატიმრო სასჯელის გამოყენების ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად ასახელებს იმას, რომ ბრალდებულს ჯარიმის გადახდასთან დაკავშირებით წინასწარ აქვს გაცხადებული პოზიცია, რომ არანაირ ჯარიმას არ გადაიხდის“, – აღნიშნავს საია.

ორგანიზაციის განცხადებით, ე.წ. 2015 წლის ეპიზოდზე სასამართლომ ჯარიმის სახით 50 000 ლარის შეფარდებით ივარაუდა, რომ მიუხედავად კომპანიისთვის მიყენებული მილიონიანი ზიანისა, ჯარიმა მოცემულ ნაწილში შესაბამისობაში იყო სასჯელის მიზნებთან, ხოლო მეორე – ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდზე ამგვარი ქმედებისთვის თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის სახე მიზანშეუწონლად მიიჩნია. 

„სასამართლომ სასჯელის სახით ნაკლებად მკაცრი სასჯელის, შინაპატიმრობის გამოყენებაზე საუბრისას განმარტა, რომ აღნიშნული ვერ დააზღვევდა ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს“, – აცხადებს საია.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ნიკა გვარამია წარსულში ნასამართლევი არ არის და მოცემული საქმის განხილვის დროს, მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენის ან გირაოს პირობების დარღვევის ფაქტი არ დადასტურებულა. 

„გაუგებარია, თუ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო იყო დანაშაულის ჩადენის ნაწილში შემაკავებელი ხასიათის სასჯელის სახით შეფარდებული თუნდაც შინაპატიმრობა რატომ ვერ მოახდენდა აღნიშნული რისკის დაზღვევას“, – აცხადებს საია.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც უფლებადამცველი ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის აცილებას ეხება.

„მოსამართლის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე, რაც უკავშირდებოდა საქმის განმხილველი მოსამართლის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელი ჰოლდინგის დირექტორთან ახლო მეგობრობას (რაც თავად მოსამართლემაც დაადასტურა) და ამ მიზეზით საქმის შედეგით სავარაუდო დაინტერესების ეჭვებს, მოსამართლემ განაჩენშიც დაუთმო ადგილი, თუმცა ვერ გააქარწყლა საზოგადოებაში გაჩენილი ეჭვები მისი მიკერძოებულობის თაობაზე“, – აცხადებს საია.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მოსამართლემ არ შეაფასა განაჩენის გამოტანის შედეგად მისი მეგობრის შესაძლო ინტერესი, რასაც მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება დაედოს საფუძვლად.

„ეს ჩრდილს აყენებს მთლიანად ამ საქმეზე მიმდინარე მართლმსაჯულებას“, – აღნიშნავს საია.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ანგარიში სრულად იხილეთ აქ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]