როგორც განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, წელს გამოცდის ჩაბარების დროს პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს კოვიდი დადასტურდება, გამოცდას დამატებით სესიაზე ჩააბარებს.
სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთა გამოცდა 6 ივლისს ჩატარდება. 6 ივლისს დაიწყება საგნის, პროფესიული უნარების, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდებიც. რაც შეეხება მაგისტრანტობის კანდიდატებს, ისინი გამოცდას 26-27 ივლისს ჩააბარებენ.
2022 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 2500-ზე მეტი სტუდენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კი – 9500-ზე მეტი მაგისტრანტობის მსურველი.
მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩასაბარებლად 34 500-ზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული. აქედან საგნის გამოცდა 19 500-მდე მსურველმა აირჩია, 2500-ზე მეტმა – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, ხოლო 12 500-ზე მეტმა – წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდა.
დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ მითითებული იქნება სპეციალურ ბარათზე, რომლის ამობეჭდვასაც გამოსაცდელები საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან ივნისის მეორე ნახევრიდან შეძლებენ.