weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლადო აფხაზავამ უკრაინელების დასახმარებლად 700 000 დოლარი შეაგროვა

14:00 ხუთშაბათი, 09 ივნისი 2022

ლანჩხუთის სოფელ ჩიბათის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა და გლობალური ჯილდოს ფინალისტმა, ლადო აფხაზავამ უკრაინელების დასახმარებლად 700 000 აშშ დოლარი (2 მილიონ ლარზე მეტი) შეაგროვა.

ლადო აფხაზავამ საქველმოქმედო კამპანია 4 მარტს წამოიწყო, როდესაც Facebook-ზე დაწერა, რომ უკრაინელი მოსწავლეებისა და მასწავლებლების დასახმარებლად, დედის მიერ დატოვებული ოქროს ბეჭდის და მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მონეტის გაყიდვა ჰქონდა გადაწყვეტილი: „ალბათ, 2500 ლარი საკმარისია. დედა, ეს შენც გაგიხარდებოდა. მაპატიე, მაგრამ ახლა მეტი არაფერი გამაჩნია. დიდება უკრაინას!“, – წერდა ის.

700 000 დოლარი სამ კვირაში შეგროვდა, რაშიც წვლილი 39 ქვეყნიდან შეიტანეს.

„ნამდვილად არ ველოდით, თუ ამ თანხის აგროვებას 39 ქვეყანაში შევძლებდით. როდესაც მასწავლებლებმა, რომელთათვისაც მასწავლებლის გლობალური ჯილდო საოცნებოა, ნახეს, რომ ქართველი მასწავლებელი მას უკრაინელებისთვის ჰყიდდა, მომწერეს, რომ გული აუჩუყდათ. ეს მონეტა რომ არ გაყიდულიყო და ჩემთან დარჩენილიყო, მასწავლებლებმა და სკოლებმა თანხის შეგროვება დაიწყეს. ანგარიშის ნომერი მივაწოდეთ, სადაც თანხები ირიცხებოდა. როდესაც შევამოწმეთ 700 000 დოლარი იყო შეგროვებული. 3 კვირაში შეგროვდა ეს თანხა.

რადგან ამხელა თანხა შეგროვდა, ის მოსწავლეებისა და მასწავლებლების გარდა, მათმა ოჯახებმა და თავშესაფარში მყოფმა ადამიანებმაც მიიღეს, ანუ უფრო დიდი მასშტაბები დავფარეთ“, – უთხრა „რეგინფოს“ ლადო აფხაზავამ.

მისი თქმით, თანხის განსაკარგავად პოლონური ორგანიზაცია მოიძიეს, რომელიც უკრაინის საზღვართან, ომის საკითხებზე მუშაობდა და 700 000 დოლარი მას გადაურიცხეს.

„ნამდვილად არ მოველოდი, თუ ასეთი შედეგი იქნებოდა. მოველოდი, რომ საქართველოში რაღაც პატარა თანხა შეგროვდებოდა და ყველას სახელით გადავრიცხავდით უკრაინის ფონდში. ცოტა შოკირებული დავრჩით, მაგრამ ბოლოს კარგი საქმე გაკეთდა. ვინც იმ დროს მაკრიტიკებდა, მაჯვენით რომ გასცემ სიკეთეს, მარცხენამ არ უნდა იცოდესო, მათმაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, რადგან ეს თემა ძალიან გახმაურდა და რაც მეტმა ადამიანმა გაიგო, მით მეტი დაგვეხმარა. დედის ბეჭედიც უნდა გამეყიდა და 2500 ლარი მოვითხოვე. ზვიად კორძაძემ იყიდა, ფული ჩაგვირიცხა, თუმცა ბეჭედი აღარ წაიღო“, – ამბობს ლადო აფხაზავა.

ლადო აფხაზავა 2017 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულია, ხოლო 2019 წლის გლობალური ჯილდოს ფინალში მოხვდა და მსოფლიოს საუკეთესო 10 მასწავლებელს შორის დასახელდა. მონეტა, რომელსაც ის უკრაინელების დასახმარებლად ჰყიდდა, ფინალში ვარკის ფონდისგან მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]