weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სახალხო დამცველი: ბაგების სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრება საერთოდ არ შეიძლება

18:30 ოთხშაბათი, 15 ივნისი 2022

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ სტუდენტებს შევხდა, რომელბიც თვეზე მეტია აქციებს მართავენ და რამდენიმე მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვენ, მათ შორის, გამოცდების დისტანციურად ჩაბარების უფლებას და სტუდენტური საცხოვრებლზე ხელმისაწვდომობას.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, მთავარი მოთხოვნა და პრობლემა სტუდენტური საცხოვრებელია.

„დღესდღეობით თბილისში ორი სტუდენტური საცხოვრებელი გვაქვს: ერთი შედარებით ახალი და კეთილმოწყობილი ლისის ტბასთან მდებარეობს, თუმცა, მასში თავისუფალი ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და საცხოვრისზე არსებულ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. მეორე არის ბაგებში, სადაც საცხოვრებელი გარემო ღირსების შემლახავი და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია.

21-ე საუკუნეში იქ საერთოდ არ შეიძლება ვინმე ცხოვრობდეს და არც უნივერსიტეტი არ უნდა სთავაზობდეს სტუდენტებს მსგავს პირობებში ცხოვრებას“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

ნინო ლომჯარიამ ხაზი გაუსვა, რომ სტუდენტები არ ითხოვენ შეღავათებს გამოცდებში, არამედ ითხოვენ შეღავათებს მათი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომ უნივერსიტეტში სწავლა და საგამოცდო პროცესი მოერგოს იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს, რაც თითოეულ მათგანს აქვს.

„ათასობით სტუდენტს მხოლოდ იმის გამო აქვს შეჩერებული სტატუსი, რომ სწავლის საფასური ვერ გადაიხადეს“, – აღნიშნა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი უნივერსიტეტის კანცლერსაც შეხვდა, დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მედიაციისთვის მზაობა გამოთქვა. ნინო ლომჯარიას თქმით, აუცილებელია უნივერსიტეტის პოლიტიკის სტუდენტის საჭიროებაზე მორგება.

„ვთხოვ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას და განათლების სამინისტროს, სერიოზულად მოეკიდონ საკითხებს, გულთან მიიტანონ ათასობით სტუდენტის გასაჭირი. პირველ რიგში უნდა დაიწყოს გულწრფელი საუბრები სტუდენტებთან“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

მისივე თქმით, უნივერსიტეტმა გრძელვადიან პერსპექტივაში, აუცილებლად უნდა გადაჭრას სტუდენტური საერთო საცხოვრებლების პრობლემა. თსუ-ს კანცლერმა ლაშა საღინაძემ თქვა, რომ სტუდენტთა მოთხოვნები, საერთო საცხოვრებლის გარდა, რექტორის არჩევის წესისა და ფინანსური გამჭვირვალობის საკითხებსაც ეხება.

„მიმდინარეობს მუშაობა ბაგების ნაცვლად, უნივერსიტეტის ქუჩაზე, მაღლივი კორპუსის მახლობლად, სხვა ახალი საერთო საცხოვრებლის აშენების თაობაზე.

რაც შეეხება რექტორის არჩევის წესს, ის განსაზღვრულია კანონით. აღნიშნული რეგულაცია ეხება საქართველოში მოქმედ ათეულობით უნივერსიტეტს, შესაბამისად, თსუ-ში ამის ცვლილება წარმოუდგენელია, რადგან ჩვენ არ ვართ ის ორგანო,რომელიც ამ წესის ცვლილებას განიხილავს, ან კორექტირებები შეუძლია შეიტანოს. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებითაც შეგვიძლია საპარლამენტო კომიტეტთან საუბარი. ასევე, არის მზაობა პასუხი გავცეთ ნებისმიერ კითხვას ფინანსებთან დაკავშირებით, რომლითაც ამომწურავად ვუპასუხებთ ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ მოთხოვნას,“ – განაცხადა საღინაძემ.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც სტუდენტებმა რექტორატი დაიკავეს, თანამშრომლებს მუშაობის საშუალება არ ეძლევათ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასწრებული სწავლება 2 მაისიდან განახლდა. პროტესტის მონაწილე სტუდენტებმა აცხადებდნენ, რომ გაძვირებული ქირის გამო, მათი ნაწილი ვეღარ ახერხებდა დედაქალაქში ბინის დაქირავებას. მათ ფინალური გამოცდების ონლაინ/დისტანციურ რეჟიმში ჩატარება მოითხოვეს, რასაც სასწავლებლის ადმინისტრაცია არ თანხმდება. თსუ-მ დამატებითი საგამოცდო ცენტრები ქუთაისსა და ახალციხეში გახსნა, თუმცა იქ გამოცდის ჩაბარების სურვილი სხვადასხვა ფაკულეტეტის მხოლოდ 160-მა სტუდენტმა გამოთქვა.

ფინალური გამოცდები 20 ივნისიდან დაიწყება და 1 აგვისტომდე გაგრძელდება. თსუ სტუდენტებს ორივე საერთო საცხოვრებელში (ლისსზე და ბაგებში) უფასოდ განთავსებას სთავაზობს, სადაც დღეისთვის რამდენიმე ათეული ადგილია დარჩენილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]