შსს-ს ინფორმაციით, ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებულები არიან 1982 წელს დაბადებული ლ.დ., 1965 წელს დაბადებული გ.ხ. (ე.წ. კანონიერი ქურდის - რომან ხმალაძის, მეტსახელად „რომა ბათუმსკის“ ძმა) და 1978 წელს დაბადებული ზ.თ;
„ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის დააკავეს 1964 წელს დაბადებული დ.ქ. (მეტსახელად „დუკა“, ე.წ. კანონიერი ქურდის - ასლან ქობულაძის, მეტსახელად - „ასლან ბათუმსკის“ ძმა) და 1973 წელს დაბადებული ა. დ. (მეტსახელად „ფაჩიჩა“);
„ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა ედებათ ბრალად ძმებს - 1964 წელს დაბადებულ ჯ.ბ.-ს და 1968 წელს დაბადებულ ჯ.ბ.,-ს ასევე, მათი ბიძაშვილს - 1967 წელს დაბადებულ რ.ქ.-ს (მეტსახელად „კამო“).
„ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ბრალი დაუსწრებლად წარედგინა 1984 წელს დაბადებული რ.ზ.-ს (მეტსახელად „ბალუ“).
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულ ძმებს ერთმანეთთან ფინანსური დავა ჰქონდათ, ხოლო ერთ-ერთ ძმასა და რ.ქ.-ს შორის კი დაპირისპირება წარმოიქმნა მათი საცხოვრებელი სახლების მომიჯნავედ არსებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. მოდავე მხარეებმა დახმარებისთვის მიმართეს კრიმინალურ ავტორიტეტებს - ბრალდებულებს: ლ.დ.-ს, გ.ხ.-ს, ზ.თ.-ს, დ.ქ.-ს და ა.დ.-ს
აღნიშნული დავების გადაწყვეტის მიზნით, ლ. დ. საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს - მინდია ლავასოღლის და მასთან მცხოვრებ კრიმინალურ ავტორიტეტს - რ.ზ.-ს (მეტსახელად „ბალუ“) დაუკავშირდა.
კრიმინალურმა ავტორიტეტებმა ნათესავებს შორის არსებული ფინანსური და ყოფითი დავების მოგვარების და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, რამდენჯერმე მოაწყვეს ე.წ. ქურდული გარჩევა, რომლებსაც ესწრებოდნენ მოდავე მხარეები, კრიმინალური ავტორიტეტები და დისტანციურად მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ მყოფი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი - მინდია ლავასოღლი და კრიმინალური ავტორიტეტი - რ.ზ. (მეტსახელად „ბალუ“).
პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა, დიდი ოდენობით ფული და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალება“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პირველი პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.