weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

TV იმედის წამყვანი: კანდიდატის სტატუსი რომ ვერ მივიღეთ მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა

17:14 შაბათი, 18 ივნისი 2022

პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ დილის გადაცემის წამყვანი, მსახიობი კახა კინწურაშვილი ევროკომისიის გუშინდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ის, რომ საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

წამყვანმა განცხადება დღეს, 18 ივნისს, გადაცემის დასაწყისში გააკეთა:

„არ შეიძლება არ აღვნიშნოთ გუშინდელი დღე, იმიტომ, რომ გუშინდელი დღე ნამდვილად ისტორიული დღე იყო ყველასთვის - ჩვენთვის, მოლდოველებისთვის, უკრაინელებისთვის. მათთვის განსაკუთრებით. ის, რომ ამ სტუდიაში თვეებია უკრაინის დროშები ფრიალებს, არ არის ზედაპირული ამბავი, ჩვენ, რაეალურად, ამ ყველაფერს ვიზიარებთ. ვიზიარებთ მათ ტრაგედიას, გაჭირვებას და რაც მთავარია, ვიზიარებთ მათ სიხარულს და მართლაც დიდი სიხარულის შესაძლებლობას იძლევა ის, რაც გუშინ მოხდა.

ეს მათ დაიმსახურეს, ამ ორმა ერმა, რეალურად ხელისუფლებასთან ერთიანობით, ერთმანეთის გატანით, მეგობრობით და არა მხოლოდ და მხოლოდ ისტორიული ფაქტების შეფასებით, დღეს და ახლა ყოფნით ამ ბოროტების წინააღმდეგ, რასაც ჰქვია რუსეთი და რომელიც ჩვენი რეალური მტერია.

კიდევ ერთხელ ვულოცავ უკრაინელ და მოლდოველ ხალხს ამ დიდ გამარჯვებას. განსაკუთრებით უკრაინელებს, იმიტომ, რომ მათთვის ამ მძიმე დღეებში ეს მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია, რომ მათ უფრო მეტად დაინახონ ის ნათელი მომავალი, რომლისთვისაც დღეს იბრძვიან.

რაც შეეხება საქართველოს, ის, რომ ევროკავშირის კარი გაიღო, რეალურად არის იმ ადამიანების დამსახურება, ვინც მოიპოვა საქართველოს დამოუკიდებლობა, ვის სახელთანაც არის ასოცირებული 9 აპრილი, ვინც 30 წლის განმავლობაში შეეცადა და შეძლო საბჭოთა მენტალიტეტის მოშორება, ვინც თავის შვილებს ასწავლა თანაგრძნობა, ადამიანების გვერდზე დგომა და საერთო ღირებულებების გარშემო გაერთიანება; იმ ქალბატონების დამსახურებაა, ვინც თავიანთი შვილების განათლებისთვის ძალიან ბევრი იწვალეს, იშრომეს, საზღვარგარეთ თუ აქ; იმ კაცების დამსახურებაა, ვინც ღირსება არ დაკარგა, თავისი ხმა არ გაყიდა. ხოლო ის, რაც წერია - პირობები და ის, რომ ჩვენ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი ამ ეტაპზე, ჩემი აზრით, ეს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. არაუშავს. ყველაფერი წინ არის, ფარდა ახდილია და უკეთესი მომავლის იმედი, რა თქმა უნდა, ყოველთვის გვაქვს“.

ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეკომენდაცია არ გაუწია. კომისიამ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე საქართველოს მხოლოდ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა უნდა მიეცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსის მოპოვებამდე მთელი რიგი პირობების შესრულება იქნება საჭირო. საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 23-24 ივნისს მიიღებს და დიდი ალბათობით ევროკომისიის მოსაზრებას გაითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]