„გამოძიებით დადგინდა, რომ 18 ივნისს, 23:15 საათზე, ქალაქ ბათუმში, 6 მაისის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, „TV პირველის“ ოპერატორი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა - რესპოდენტთან ერთად პირდაპირი ჩართვისთვის ემზადებოდა, რა დროსაც მასთან ბრალდებულები მივიდნენ და „TV პირველის“ საქმიანობასთან დაკავშირებით აგრესიული საუბრითა და გინებით უკმაყოფილება გამოთქვეს. აღნიშნულის შემდეგ, ოპერატორსა და ბრალდებულებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. ბრალდებულებმა ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ“, – განაცხადეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.
დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით 1-დან 2 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.