„მე ვარ ქართველი აზერბაიჯანელი, მაშასადამე, მეც ვარ ევროპელი. ჩემი სახელისა და გვარის გამო გეშინიათ? მგონი არა, მაგრამ ამ მთავრობას და ამ მოძალადე სისტემას ეშინია.
მე ვარ იმ ადამიანის შვილიშვილი, ფარი-ხანუმ სოფიევასი, რომელიც პირველი მუსლიმი ქალი პოლიტიკოსი იყო საქართველოდან. მე ვარ იმ ადამიანის შვილიშვილი, ხუდი ბორჩალოსი, რომელიც ერეკლე მეფეს ყველაზე ახლო მეგობარი იყო. ჩვენ ერთად ძლიერები ვართ.
მე კი არა, ამ ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელები თუ სხვა ეთნიკური უმცირესობები კი არა, რუსეთია, ვინც ყოველთვის შუღლს თესავს საქართველოში.
როგორც ჩემი წინაპრები იყვნენ საქართველოს ყველაზე მშრომელი, გულიანი, ერთგული მოქალაქეები, ასევე ვარ მეც. დღეს აქ ვარ, რომ ვაჩვენო, რომ მე, ისევე როგორც საქართველოს აზერბაიჯანლები, მთელ საქართველოსთან ერთად ვართ. გაუმარჯოს საქართველოს!“, – თქვა სამირა ბაირამოვამ.
მან განცხადება აზერბაიჯანულ ენაზეც გააკეთა, რათა ის იმ აზერბაიჯანელ მოქალაქეებსაც მოესმინათ, ვინც ქართული არ იციან.
24 ივნისს, პარლამენტის წინ, მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ ორგანიზებული აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. აქციის მონაწილეთა მთავარ მოთხოვნად დასახელდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და შექმნა ეროვნული თანხმობის მთავრობის, რომელიც ზამთრამდე ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ 12-ვე პირობას შეასრულებს.