დაშავებული ბავშვები ერთ-ერთი გარდაცვლილი ქალის შვილები არიან. როგორც ექიმმა მედიასთან განაცხადა, 8 წლის გოგონას მრავლობითი ტრავმები აქვს, მათ შორის, თავის ქალის დახურული ტრავმა და ბარძაყის ძვლის მოტეხილობა. ის თბილისში, „ამტელ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მეორე დაშავებულს, 7 წლის ბიჭს, სხეულის მსუბუქი დაზიანებები აქვს. ის მარნეულში, „ავერსის“ კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ავარიულ შენობაში უწევთ ცხოვრება და ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება ინფორმირებული იყო.
„ორი წელია დავდივართ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში და ამ მძიმე სიტუაციის შესახებ ვატყობინებთ. ყოველ ჯერზე განცხადებებს ითხოვდნენ.
გუშინ ძლიერი ქარი იყო, აივნიდან ბავშვები გავიყვანეთ. ვიცოდი, რომ საშიშია და ოდესღაც ეს მოხდებოდა. მარნეულის მერია საერთოდ არ დაინტერესდა პრობლემით. აქ ყველა აივანი ავარიულ მდგომარეობაშია“, – ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები ტელეკომპანია „მთავართან“ ინტერვიუში.
მარნეულის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ბექა აბდელანი კი ამტკიცებს, რომ მოქალაქეებს კორპუსის ავარიული მდგომარეობის შესახებ მერიისთვის არ მიუმართავთ.
„ჩვენი ინფორმაციით შენობა არ იყო ავარიული, თუმცა, ამ ეტაპზე, ველოდებით საგამოძიებო სამსახურის საბოლოო დასკვნას, რის შემდეგაც გვეცოდინება, თუ რის გამო მოხდა აივნების ნგრევა“, – ამბობს აბდელანი.
მარნეულის მერიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობის ნაწილი საცხოვრებელი კორპუსიდან დროებით სასტუმროში გადაიყვანეს.