weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მედიაკოალიცია ხელისუფლებას 5-6 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების დასჯისკენ მოუწოდებს

16:33 სამშაბათი, 05 ივლისი 2022

მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა და მედიის წარმომადგენლებმა გენერალურ პროკურატურასთან ბრიფინგი გამართეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, გამოავლინოს და სათანადოდ დასაჯოს 2021 წლის 5 და 6 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორები და თავდასხმის უშუალო მონაწილეები.

„დაუსჯელობის სინდრომმა კიდევ უფრო გააუარესა მედიაგარემო საქართველოში: მუქარა, შევიწროება, უკანონო მოსმენა-მიყურადება და თვალთვალი, ზეწოლა, დისკრიმინაცია, დისკრედიტაცია, ფიზიკური თავდასხმა, ბრიფინგებზე ჟურნალისტების შერჩევით დაშვება - ეს დარღვევების მცირე ჩამონათვალია.

დღეს ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები ხდებიან სამიზნე ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის გამო. მათ სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოში უწევთ პროფესიული მოვალეობის შესრულება, თითქმის ყოველდღე ხდებიან პოლიტიკოსების თუ წახალისებული მოძალადეების სიტყვიერი ან/და ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლები.  საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ მათი ოჯახის წევრებიც. 

ჟურნალისტებს ეზღუდებათ საჯარო ინფორმაციაზე წვდომა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ისინი იკვლევენ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ადამიანის უფლებების დარღვევის, კორუფციის, ბიუჯეტის არასწორი მართვის თუ დანაშაულებრივი საქმიანობის შემთხვევებს. პატიმრობაშია კრიტიკული ტელევიზიის „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია, რომლის გამამტყუნებელ განაჩენსაც შიდა და საერთაშორისო ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ“, – აცხადებს კოალიცია.

არასამთავრობო ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, სახელმწიფო ვალდებულია ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, დაიცვას მედიის დამოუკიდებლობა და პლურალიზმი.

მედიის ადვოკატირების კოალიცია ხელისუფლებას ასევე მოუწოდებს:

  • სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს ჟურნალისტების წინააღმდეგ მომრავლებული თავდასხმები, მათ პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტები და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს შესაბამისი პირები;
  • შეწყდეს კრიტიკული მედიასაშუალებების მიმართ მიმდინარე პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები და სასამართლო პროცესები. ციხიდან გათავისუფლდეს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორი და დამფუძნებელი ნიკა გვარამია;
  • გამოიძიოს მედიის წარმომადგენლების მასობრივი უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის საქმეები.

მედიის ადვოკატირების კოალიცია აღნიშნავს, რომ 2021 წლის 5 და 6 ივლისს, ქართულ ჟურნალისტიკაში ყველაზე მძიმე დღეები იყო, რა დროსაც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჰომოფობიური და მოძალადე ჯგუფების მასობრივი თავდასხმის შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს „TV პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისის თავდასხმების დროს სიძულვილის ჯგუფებმა სასტიკად სცემეს.

დღეს, გასული წლის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმაც. ნინო ლომჯარიას შეფასებით, ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ამსახველი საჯარო ვიდეომასალები თავისუფლად აღწევს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, რათა თუნდაც „ალტ ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერის და პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ზურაბ მახარაძის მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]