შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, დაკავებული 22 წლის მამაკაცია, მსხვერპლი კი 46 წლის იყო. გამოძიებით დადგინდა, რომ 3 ივლისს, ქალაქ მარნეულში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქემ ფ.დ.-მ წარსულში არსებული შელაპარაკების გამო, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, პისტოლეტიდან დამიზნებით რამდენჯერმე ესროლა დაზარალებულს, რის შემდეგაც საკონტროლო გასროლა განახორციელა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
პროკურატურის ინფორმაციითვე, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2022 წლის ივნისში უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და უკანონოდ შემოიტანა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
„მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით), 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვა), 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით (საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღის, წესის დარღვევით გადმოტანა) და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ პროკურატურაში.
ბრალდების მხარე სასამართლოს მიმართავს და ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.