weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

არასამთავრობოები: ითხვისის მოვლენების შემსწავლელი კომისიის საქმიანობა ეჭვებს აჩენს

19:04 ხუთშაბათი, 07 ივლისი 2022

არასამთავრობო ორგანიზაციები „ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაცია“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და „მწვანე ალტერნატივა“ აცხადებენ, რომ ჭიათურის სოფელ ითხვისში მარტში განვითარებული მოვლენების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობა კითხვებს და ეჭვებს აჩენს.

ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომისია ადგილობრივთა მოთხოვნით და მომხდარიდან სამი თვის, ივნისში შეიქმნა, თუმცა მის შემადგენლობაში დამოუკიდებელი ექსპერტის და ადგილობრივი წარმომადგენლის არარსებობა დაზარალებულებს შორის უნდობლობას იწვევს.

„2022 წლის 10 ივნისის მთავრობის განკარგულებით შეიქმნა „ითხვისში განვითარებული გეოდინამიკური პროცესების გამომწვევი მიზეზების“ დამდგენი უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც, მიზეზების დადგენასთან ერთად, სტიქიის არეალში მოხვედრილი ნაკვეთებისა და საცხოვრებელი სახლების იდენტიფიცირება დაევალა. კომისია 15 წევრისგან შედგება. კომისიაში ჩართულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამმართველოს, ჯანდაცვის, ეკონომიკის, რეგიონული განვითარების, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლები. კომისიის წევრები არიან ჭიათურის მერი გივი მოდებაძე და დარგის რამდენიმე ექსპერტიც. განკარგულებით კომისიის მუშაობის მაქსიმალური ხანგრძლივობა 4 თვით განისაზღვრა.

შემსწავლელ კომისიას მნიშვნელოვანი უფლებამოსილება მიენიჭა - მას შეუძლია გამოითხოვოს და შეისწავლოს „ჯორჯიან მანგანეზის“ სამთო გამონამუშევრების განლაგების გეგმები, ისევე როგორც „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები მუნიციპალიტეტისგან და სხვა სახელმწიფო უწყებებისგან. რადგან მომპოვებელი კომპანიის პასუხისმგებლობა მსგავს შემთხვევებში ძირითადი სადაო საკითხია და მის დადგენას ინფორმაციის გაუმჭვირვალობა ართულებს, კომისიის უფლებამოსილება ქმნის შესაძლებლობას მომხდარში „ჯორჯიან მანგანეზის“ როლი ობიექტურად დადგინდეს და შეფასდეს. 

თუმცა, ამ დრომდე კომისია საზოგადოებისთვის დახურულია, ხოლო მის შემადგენლობაში არ შედის ადგილობრივი მოსახლეობის და/ან საზოგადოებრივი ორგანიზაციების არცერთი წარმომადგენელი.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის დადგენილებით კომისიას აქვს უფლებამოსილება „საჭიროების შემთხვევაში, სტიქიის ზონის მდგომარეობის შესასწავლად და შემდგომი განვითარების გეგმის შემუშავების მიზნით დამატებით მოიწვიოს ექსპერტები, სპეციალისტები და ორგანიზაციები“, კომისიას ამ უფლებით არ უსარგებლია“, – აცხადებენ არასამათავრობო ორგანიზაციები.

მათივე თქმით, ეჭვებს ამძაფრებს ის ფაქტიც, რომ კომისიის მუშაობის დასრულებამდე დაზარალებულ ოჯახებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზიანის შეუსაბამო და სამართლებრივად ბუნდოვანი კომპენსაცია შესთავაზეს

„მიუხედავად იმისა, რომ კომისიას მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია - და მისი საქმიანობის შესახებ ადგილობრივმა მოსახლეობამ არაფერი იცის - დაზარალებული ოჯახების ნაწილმა უკვე მიიღო შეთავაზება კომპენსაციის შესახებ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებულ შეფასებაზე დაყრდნობით, ოჯახებს სხვადასხვა ოდენობის კომპენსაცია შესთავაზეს.

დაზარალებულები აცხადებენ, რომ შეთავაზებული კომპენსაცია არ ასახავს მიყენებულ ზიანს და ვერ უზრუნველყოფს სათანადო ალტერნატიული საცხოვრისის მოძიებას.

ამასთან, ჯერაც ბუნდოვანია როგორ განისაზღვრება სტიქიის არეალი და რომელ ოჯახებს ცნობენ დაზარალებულად. ამ შეკითხვაზეც პასუხი უწყებათაშორისმა კომისიამ უნდა გასცეს.

მაშინ, როცა მომხდარის მიზეზების დამდგენ კომისიას ანგარიში ჯერ არ წარუდგენია, გაუგებარია როგორ განისაზღვრა სტიქიის არეალი, მასში მოხვედრილი ოჯახების ვინაობა და რა სამართლებრივ საფუძველს ეყრდნობა მოსახლეობისთვის შეთავაზებული კომპენსაცია.

ცხადია, მომხდარის სამართლებრივი შეფასება მის გამომწვევ მიზეზებზეა დამოკიდებული. მიზეზების შესწავლის გარეშე კომპენსაციის შეთავაზება კითხვებს და ეჭვებს აჩენს. საგულისხმოა რომ, მაშინაც კი, როცა „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურის სხვადასხვა სოფლებში დაზარალებულ მოსახლეობას ზიანს ნაწილობრივ უნაზღაურებს, კომპანია საკუთარ პასუხისმგებლობას უარყოფს და კომპენსაციის გაცემას სოციალურ პასუხისმგებლობას უკავშირებს. ეს დამოკიდებულება შეუძლებელს ხდის მოპოვების სამართლებრივ მოწესრიგებას, მის ეფექტურ მონიტორინგს და ზიანის შეფასებისა და ანაზღაურების ერთიანი, სამართლიანი წესის დამკვიდრებას“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

ისინი მიიჩნევენ, რომ კომისიის საბოლოო დასკვნისა და რეკომენდაციებისადმი ნდობის გაჩენისთვის მნიშვნელოვანია გასაჯაროვდეს კვლევასთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია, განხილული დოკუმენტებისა და ადგილზე ჩატარებული შესწავლის მეთოდოლოგიისა და შედეგების ჩათვლით.

 

ამ თემაზე:

ითხვისის უბედურება - როგორ არიდებს სახელმწიფო „ჯორჯიან მანგანეზს“ პასუხისმგებლობას

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]