weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

თანამდებობიდან გათავისუფლდნენ მარნეულის მერიის და ააიპ-ის თანამშრომლები – პეტიცია

13:09 ორშაბათი, 11 ივლისი 2022
ირმა ზარქუა, რიმა ოთარაშვილი და სამირა ბაირამოვა | კადრი მარნეულის სათემო რადიოს ვიდეოდან ირმა ზარქუა, რიმა ოთარაშვილი და სამირა ბაირამოვა | კადრი მარნეულის სათემო რადიოს ვიდეოდან

სამოქალაქო აქტივისტები, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას პეტიციით მიმართავენ და ითხოვენ იმ პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას, ვინც 2 ივლისს, „შინ ევროპისკენ“ საინფორმაციო კამპანიის მსვლელობის დროს, სამოქალაქო აქტივისტ სამირა ბაირამოვას სიტყვირი შეურაცხყოფა მიაყენეს და მასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში შესვლას ცდილობდნენ.

„შეურაცხმყოფელ კამპანიაში მონაწილეობას იღებდა მარნეულის მერიის ქალთა ოთახის ხელმძღვანელი რიმა ოთარაშვილი, რომლის პირდაპირი მოვალეობაა ხელი შეუწყოს ქალების როლის და ფუნქციის გაზრდას თვითმმართველობის საქმიანობაში და უზრუნველყოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური უთანასწორობის აღმოფხვრა.

რიმა ოთარაშვილთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი - ირმა ზარქუა და ასევე, მარნეულის „ალტ-ინფოს“ ოფისის მდივანი, აქციის დროს მომართავდნენ შეურაცხმყოფელი სიტყვებით და ცდილობდნენ ხელი შეეშალათ აქციის მშვიდობიანად ჩატარებაში. შესაბამისად, კამპანიის მონაწილეები იძულებულნი გახდნენ, ტერიტორია დაეტოვებინათ, რათა არ გამხდარიყვნენ პროვოკაციის მსხვერპლნი. ამ ჩარევის გამო, აღნიშნულ ადგილზე ვერ ჩატარდა სხვა დაგეგმილი ღონისძიება, რაც აზრისა და ინფორმაციის გავრცელების უფლების შეზღუდვას წარმოადგენს“, – ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

პეტიციის ავტორების განცხადებით, 2 ივლისის შემდგომ, სოციალურ ქსელებში, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, საკრებულოს აპარატის უფროსი და სხვა თანამშრომლები აქტიურად ცდილობენ როგორც აქტივისტების, ასევე მედიის წარმომადგენლების დისკრედიტაციას.

„საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს აპარატის უფროსი და 2 ივლისს დაპირისპირების ავანგარდში მყოფი, ასევე მერიის თანამშრომელი ირმა ზარქუა აგრძელებს სამოქალაქო აქტივისტების, მედიის წარმომადგენლების და რადიო „მარნეულის“ ხელმძღვანელს კამილა მამედოვას შეურაცხყოფას. ცალკე აღსანიშნავია და მიუღებელი ის ფაქტი, რომ პირადი ცხოვრების შესახებ ფაქტების გასაჯაროების და გასაჯაროების მუქარა საკრებულოს თავმჯდომარის და მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომლების მხრიდან მოდის“, – ვკითხულობთ პეტიციაში.

პეტიციის ავტორები განმარტავენ, რომ საჯარო მოხელეების შეურაცხმყოფელი ქცევები, სიძულვილის ენა და მათ მიერ სოციალურ ქსელში მიმდინარე აქტივობები პირდაპირ და უხეშად ხელყოფს საჯარო სამსახურის პრინციპებს, შეუთავსებელია ეთიკურ ღირებულებებთან და არღვევს არაერთი ადამიანის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებას. პეტიციის მიხედვით, არსებობს გონივრული ეჭვები, რომ ამ მოხელეების ქცევები მოტივირებულია პარტიული ინტერესებით, რაც პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპს არღვევს.

„მოხელის შეუფერებელი ქცევა ზიანს აყენებს კონკრეტული სამსახურის და სახელმწიფოს რეპუტაციას. მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ საჯარო სამსახურის ქცევის წესებთან შეუსაბამო ქმედებები დღემდე გრძელდება, აღნიშნული პირები სოციალურ ქსელში სისტემატურად განაგრძობენ აქტივისტებზე საჯაროდ თავდასხმებს, შეურაცხყოფას, პერსონალური მონაცემების გამოქვეყნებას, სიძულვილის ენის გამოყენებას, როგორც სამუშაო ისე არასამუშაო დროს. ამდენად, აუცილებელია მუნიციპალიტეტის მხრიდან მყისიერი რეაგირება, როგორც კონკრეტული აქტივისტების უფლებების დასაცავად, ისე მუნიციპალიტეტის და სახელმწიფოს რეპუტაციის შემლახველი პროცესის შესაჩერებლად.

დღეს, როცა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზას ადგას, სახელმწიფოს პირდაპირი აკისრია, მოახდინოს პოლიტიკის იმგვარად წარმოება, რომ შეამციროს მკვეთრი პოლარიზაცია, ითანამშრომლოს სამოქალაქო სექტორსა და მედიასთან, თვითმმართველობის მხრიდან მსგავსი მოქმედებები ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და აძლიერებს პოლარიზაციას.

ჩვენ, სამოქალაქო აქტივისტები, მედიის წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოება შეშფოთებას გამოვთქვამთ შექმნილი სიტუაციის გამო და მოვუწოდებთ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას, დაუყოვნებლივ დაიწყოს დისციპლინური წარმოება საჯაროდ ჩადენილი და დღემდე მიმდინარე გადაცდომებისთვის:

  • თანამდებობიდან გაანთავისუფლოს რიმა ოთარაშვილი და ირმა ზარქუა;
  • თანამდებობიდან გაანთავისუფლოს ააიპ „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანება (სკოლამდელი აღზრდის ცენტრის) დირექტორის მოადგილე, სოსო ინაძე რომელიც არღვევდა კანონს, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა სამირა ბაირამოვას;
  • თვითმმართველობის ცალკეულმა პირებმა შეწყვიტონ შეურაცხყოფაზე დაფუძნებული გამოხატვა და დაიწყონ კონსტრუქციული თანამშრომლობა მედიასა და სამოქალაქო სექტორთან.

ჩვენ, ამ პეტიციაზე ხელმომწერი პირები ვადასტურებთ მზაობას, რომ შეწყდეს არაფრისმომცემი და მადისკრედიტირებელი კამპანია და მოვუწოდებთ თვითმმართველობას თანამშრომლობისა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების კლიმატის შექმნისკენ როგორც მედიის, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან“, – აღნიშნულია პეტიციაში.

პეტიციას უერთდებიან და მის სულისკვეთებას იზიარებენ: სოციალური სამართლიანობის ცენტრი, უფლებები საქართველო, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI), საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი, მედიაომბუდსმენი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, სატელევიზიო ქსელი, საფარი, ფემინა, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, დემოკრატიის მცველები, ღია სივრცე კავკასია, ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის, საქართველოს შემეცნებითი ცენტრი, გააღვიძე აქტივიზმი.

პეტიციის სრული ტექსტი ნახეთ აქ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]