weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2024

ფსიქოლოგიურ ცენტრს, რომელიც ქუთაისში შშმ ბავშვებს ეხმარება, მეზობლებმა ჭიშკარი ჩაუკეტეს

19:46 ოთხშაბათი, 13 ივლისი 2022

ქუთაისში არსებული ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის, „ღია სახლის“ ბენეფიციარებსა და თანამშრომლებს მეზობლები შენობაში არ უშვებდნენ. მათ ჭიშკარს ბოქლომი დაადეს და მხოლოდ პატრულის მისვლის შემდეგ მოხსნეს. შემთხვევა გუშინ, 12 ივლისს მოხდა.

„ღია სახლი“ შშმ ბავშვებს რეაბილიტაციის სერვისებს სთავაზობს და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ზრდასრულებსაც ეხმარება. „ღია სახლის“ თავმჯდომარის, ნინო კილაძის თქმით, ჯამში, 300 ბენეფიციარი ჰყავთ, რომლებიც ძირითადად ქუთაისიდან და იმერეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან არიან, თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც „ღია სახლს“ სამეგრელოდანაც აკითხავენ.

როგორც ნინო კილაძე „რეგინფოსთან“ ამბობს, ორი კვირის წინ „ღია სახლმა“ მისამართი შეიცვალა და მჭიდროდ დასახლებულ ადგილას მდებარე შენობაში გადავიდა, სადაც საერთო შესასვლელს სამი მეზობელი იყოფს.

„გუშინ, სამუშაო დღის დაწყებამდე, დაახლოებით 08:50 საათზე, ბავშვებს, მშობლებს და თერაპევტებს ჭიშკარი ბოქლომით დაკეტილი დახვდათ. მათ შიგნით მეზობლები არ უშვებდნენ. მათთვის უსიამოვნოა იმ შშმ ბავშვების ყურება, რომლებიც დღის განმავლობაში ცენტრში დადიან. წინა ქუჩიდანაც გადმოვიდნენ მეზობლები და ამბობენ, რომ ხმაურით წუხდებიან. შენობაში პატრულის დახმარებით შევედით“, – ამბობს ნინო კილაძე.

ბოლო წლების განმავლობაში „ღია სახლმა“ რამდენიმე შენობა გამოიცვალა. ნინო კილაძის თქმით, პატრულის საშუალებით უკმაყოფილო მეზობლებთან გამკლავების შემთხვევა აქამდეც ჰქონიათ, თუმცა გუშინდელ დღემდე ბენეფიციარებისთვის კარი არავის ჩაუკეტავს. ნინო კილაძე ამბობს, პრობლემა საზოგადოებაშია, რომელსაც შშმ ბავშვების მიმართ მიმღებლობა ნაკლები აქვს.

„ეს ბავშვები ჩვენი საზოგადოების წევრები არიან, ჩვენს გვერდით უნდა იყვნენ და არა იზოლირებულები. იგივე სიტუაციაა სხვა მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში, სადაც სკოლები ან საბავშო ბაღებია, იქაც წუხდებიან ხმაურით, მაგრამ, ასეთ ქცევას არავინ მიმართავს. საზოგადოებაში მიმღებლობა უნდა გაჩნდეს“, – აღნიშნავს ნინო კილაძე.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ნინო კილაძე ბოდიშს უხდის ბავშვებს და მშობლებს, რომლებსაც გუშინ ქუჩაში მოუწიათ ყოფნა და სერვისი ვერ მიიღეს. „ვწუხვარ, რომ ასეთი უსიამოვნო რეპლიკების მოსმენა უწევდათ, რაც ძალიან დამთრგუნველი იყო“, – ამბობს ის.

„ღია სახლი“ ბენეფიციარებს უფასო მომსახურებას სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში უწევს, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს დაფინანსებით. როგორც ნინო კილაძე ამბობს, გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომუნიკაცია სახალხო დამცველთან და სოცსააგენტოსთან აქვთ და ამ ეტაპზე, მათგან რეკომენდაციებს ელოდებიან.

დღეს „ღია სახლის“ ბენეფიციარებმა და თანამშრომლებმა სამუშაო სივრცეში შესვლა დაუბრკოლებლად შეძლეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]