weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სინამდვილეში კიდევ ერთხელ ამხილეს საკუთარი თავი, რომ ყველგან გვისმენენ – გაბუნია

18:32 ხუთშაბათი, 14 ივლისი 2022

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ჟურნალისტი გიორგი გაბუნია ეხმაურება გია გაჩეჩილაძის („უცნობი“) მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს. ის სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საელჩოებს მოუწოდებს, „მთავარი არხში“ ჟურნალისტებზე თვალთვალის ამ ფაქტით დაინტერესდნენ და სათანადო რეაგირება მოახდინონ.

გიორგი გაბუნიას განცხადებით, ჩანაწერი 2021 წლის ნოემბერშია გაკეთებული და შეიცავს რეალური საუბრის ფრაგმენტებს, თუმცა „მონტაჟის კვალი შეიმჩნევა“.

„ხელისუფლებამ მის მიერ კონტროლირებადი მედიის - „მაესტროს“ საშუალებით და თავისი აგენტის, „უცნობის“ ხელით გამოაქვეყნა უკანონო ჩანაწერი, რომელიც გაკეთებულია აქ, „მთავარი არხის“ შენობაში, აქვე, ოთახში, სადაც „პოსტ ფაქტუმის“ ჟურნალისტები და პროდიუსერები იკრიბებიან და გადაცემებს გეგმავენ.

ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში, ქვეყანაში არ დარჩა სივრცე, სადაც არ გვითვალთვალებენ არ გვისმენენ, მათ შორის, უკანონოდ უსმენენ გამოძიებაზე მომუშავე ჟურნალისტებს - არა სადმე ქუჩაში მიყურადებით, არამედ პირდაპირ მათ ოფისებში. არ აქვს მნიშვნელობა, რა ფორმით ხდება უკანონოდ ჩაწერა - სპეციალურად დამონტაჟებული სათვალთავლო აპარატურით, მობილურების ან ოთახში მდებარე კომპიუტერების საშუალებით თუ ნებისმიერი სხვა მეთოდით.

რა მიზანს ემსახურებოდა ამ ჩანაწერის ახლა გაჩენა, როგორც, თავის დროზე, მაგალითად, „ჰაკიმ ფაშას“ სახელით ვიდეოს გამოგდება და შემდეგ გამოძიების დაწყება ან დავით ხიდაშელის მიერ რუკების ჩამოტანა და კარტოგრაფების საქმის წამოწყება?! რისთვის დასჭირდა ხელისუფლებას ამჯერად ამ ჩანაწერების გამოქვეყნება?! ამას, დიდი ალბათობით, მალე გავიგებთ. თან, რისთვის დასჭირდათ, ჩვენი საუბრიდან სწორედ ამ ფრაგმენტების გამოყენება. ხომ ნათელია ყველასთვის, რომ მხოლოდ ეს მონაკვეთი არ იქნება ჩაწერილი. წარმოიდგინეთ, სინამდვილეში რამდენს იწერენ და რამდენ ადგილას, რამდენ ოთახში.

იმ ისტორიის, რომელიც „უცნობმა“ გვიამბო, ბუნებრივია, არავის სჯერა, თუ როგორ მივიდა თურმე მასთან სინდისისგან შეწუხებული პიროვნება და გადასცა ჩანაწერი, რომელიც ასე, უბრალოდ, საკუთარი ნებით ჩაწერა, რომელსაც ნოემბრიდან აქამდე ინახავდა, რადგან გასული წლის ნოემბერში შედგა ის საუბარი, რომელიც მოისმინეთ და ახლა უცებ რატომღაც ვეღარ აიტანა ამდენი და გადაწყვიტა მასალის გია გაჩეჩილაძისთვის გადაცემა. ამ ისტორიის რომ არავის სჯერა, დარწმუნებული ვარ.

ფაქტია, რომ მასალა გამოქვეყნდა სამთავრობო არხზე და ცალკე გაშუქდა მთავარი სახელისუფლებო მედიასაშუალების, „იმედის“ პირდაპირ ეთერში, რითაც სხვა მიზნებთან ერთად, ვითომ ჩვენი, კრიტიკული მედიის მხილებას შეეცადნენ, სინამდვილეში კი კიდევ ერთხელ ამხილეს საკუთარი თავი, რომ ყველგან და ყველას გვისმენენ და გვითვალთვალებენ.

ჩანაწერი რეალური საუბრის ფრაგმენტებს შეიცავს. ეს განხილვა ჩემი და ჩემი კოლეგების მონაწილეობით ნამდვილად შედგა ამ შენობაში, 2021 წლის ნოემბერში, როდესაც მე „პოსტ ფაქტუმის“ წამყვანი ვიყავი. თუმცა, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც შეიმჩნევა მონტაჟის კვალი. განსაკუთრებით, მაგალითისთვის გეტყვით, ერთ-ერთ ადგილზე, სადაც ლაშა კვესელაძე ლაპარაკობს, შემდეგ ხმამაღალი ფხიკინი ისმის და შემდეგ თითქოს მე ვაგრძელებ თემას. აქ, მაგალითად, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ არის მონტაჟი.

ჩვენი საუბრის შინაარსის და დეტალების განხილვას მე არ ვაპირებ, ისევე როგორც ამ არხზე არ განვიხილავთ ხოლმე სხვა უკანონო ჩანაწერების შინაარსს, თუ მასალა არ შეიცავს დანაშაულის ან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ფაქტებს. ერთს ვიტყვი მხოლოდ, რომ ძალიან მაინტერესებს, სად დაინახეს ამ ჩანაწერში იმის მტკიცებულება, რომ ჩვენ თურმე ვახდენთ მოვლენების ფაბრიკაციას და ჩვენს მიერვე გამოგონილი ამბების გაშუქებას ვგეგმავთ. წერილობით მესიჯებს რომ თან აჩვენებ ეკრანზე და თან ახმოვანებ, ეს გაყალბება ჰგონიათ? გაგების პრობლემასთანაც გვაქვს აქ საქმე და პლუს შეგნებულად იტყუებიან“, – აცხადებს გიორგი გაბუნია.

მისი თქმით, გამოძიების მოთხოვნას აზრი არ აქვს, ამიტომ სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საელჩოებს მიმართავს.

„დანაშაული და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი აქ მხოლოდ ერთ ფაქტშია, რომ საქართველოში ტოტალური უკანონო თვალთვალი მიმდინარეობს ისევ. სამწუხაროდ, ოლიგარქი ივანიშვილის პირობებში სასაცილოა გამოძიების მოთხოვნა. საკუთარ დანაშაულს არ გამოიძიებენ. გამოძიებას თუ დაიწყებენ, ისევ მხოლოდ თავისი მიზნების მისაღწევად და ძალაუფლების კიდევ უფრო მყარად მისატაცებლად, როგორც ეს მოხდა ჰაკიმ ფაშას ვიდეოს ან ხიდაშელის მიერ რუსეთიდან ჩამოტანილი რუკების გასაჯაროების შემდეგ. ამიტომ მე არ მოვითხოვ იმას, რასაც აზრი ისედაც არ აქვს.

მე ვთხოვ სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და, რა თქმა უნდა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ორგანიზაციებს, ელჩებს, ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს, აუცილებლად დაინტერესდით „მთავარ არხში“ ჟურნალისტებზე თვალთვალის ამ ფაქტით. თქვენს გარდა, ჩვენ აღარ დაგვრჩა დამოუკიდებელი ინსტანცია, რომელსაც შეგვიძლია მივმართოთ და ვენდოთ.

ჩვენო ადგილობრივო, ამერიკელო და ევროპელო მეგობრებო, ნახეთ, რა პირობებში უწევს მუშაობა კრიტიკულ მედიას საქართველოში.

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი აბსურდული ბრალდებით ციხეშია, ჟურნალისტებს ოფისებში გვისმენენ და გვითვალთვალებენ, როგორც რუსეთში. ქუჩაში გვირტყამენ, გვასახიჩრებენ და სასიკვდილოდ გვწირავენ, ისევე, როგორც რუსეთში და პარალელურად, მიტაცებული პარლამენტით ისეთ კანონებს იღებენ, რომ ჩვენ არსებობა ვეღარ შევძლოთ, ფინანსურად ჩამოვიშალოთ და დავიხუროთ. ამავე მიზნით ტოტალურად აშინებენ ბიზნესმენებს, რომ ჩვენთან თანამშრომლობა ვერავინ გაბედოს.

„ქართულ ოცნებას“ ვეტყვი: ჩანაწერების გამოქვეყნებით ჩვენ ვერ შეგვაშინებთ, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ მუშაობას და უკვე საერთაშორისოდ აღიარებული ოლიგარქის ხელისუფლების მხილებას, რომელიც საქართველოს დასავლეთს აცილებს და პუტინის ინტერესებს ატარებს. გვითვალთვალეთ რამდენიც გინდათ, ეთერშიც და ეთერს მიღმაც“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ, რომელიც „მაესტროზე“ გადაცემა „აი უცნობის“ წამყვანია, ფარული აუდიოჩანაწერის ეთერში გაშვებამდე განაცხადა, რომ ჩანაწერი ერთ-ერთი კრიტიკული მედიასაშუალების წარმომადგენელმა გუშინ დილით გადასცა.

 

ამ თემაზე:

მედიის ადვოკატირების კოალიცია „უცნობის“ მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე გამოძიებას ითხოვს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]