weather cur horoscope tv
ივლისი 09, 2020

დაძაბულობა მოხეში – მუსლიმებს სადავო შენობასთან ლოცვის საშუალებას არ აძლევენ

16:25 შაბათი, 16 სექტემბერი 2017 hits 1622

ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში კვლავ დაძაბულობაა. სოფელში მცხოვრებ მუსლიმებს ლოცვის საშუალება არ მისცეს სადავო შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ისინი ყოველ პარასკევს, ღია ცის ქვეშ ლოცულობდნენ. მუსლიმების თქმით, მათთან ზარზმის მონასტრის წინამძღვარი ნიკოლოზ გეწაძე მივიდა და დაემუქრა, რომ მას „არ აინტერესებდა არც გამგეობა, არც ძეგლთა დაცვა და სადავო შენობის ტერიტორიაზე ვინც შევიდოდა, ფეხებს მოამტვრევდა“.

„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, სადავო შენობის საკონსერვაციო სამუშაოების გამო, ადგილი, სადაც მუსლიმები აქამდე ლოცულობდნენ, ღობის შიგნით მოხვდა. მუსლიმი თემის ნაწილი კი იმ ადგილზე ითხოვს ლოცვის გაგრძელებას, სადაც აქამდე ლოცულობდნენ.

„მოხეს კომისიის დადგენილებით შენობა კონსერვაციისთვის კულტურის სამინისტროს გადაეცა. სახელმწიფომ კი სოფელში ახალი მეჩეთის ასაშენებლად 130 ათასი ლარი გამოყო. ამიტომ ჩემიც და მათი იურისდიქციაც იქ სრულდება, სადაც ამ შენობის ღობეა, ღობის შიგნით უკვე სახელმწიფოს ტერიტორიაა“, – აცხადებს ზარზმის ეკლესიის წინამძღვარი.

„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, სადავო შენობის ეზოში მუსლიმების ლოცვის წინააღმდეგნი არიან ადგილობრივი ქრისტიანებიც.

„აღარ უნდა ილოცონ მანდ. ეგ საკთხი კომისიამ უკვე გადაწყვიტა და ამ ვითარებაში მათი გარეთ ლოცვა სახიფათოა“, – ამბობს პაატა ბლიაძე.

შეგახსენებთ, ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში მცხოვრები მუსლიმები არ ეთანხმებიან რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული ე.წ. „მოხეს კომისიის“ გადაწყვეტილებას. ადგილობრივები ახალი მეჩეთის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის გამოყოფის მიუხედავად, სავადო შენობის წარმომავლობის დადგენას და მათთვის გადაცემას ისევ ითხოვენ.

ე.წ. „მოხეს კომისიის“ მიერ 11 მაისს მიღებული გადაწყვეტილებით, ე.წ. „მოხეს შენობა“ შევიდა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა ნუსხაში, როგორც „სადავო ნაგებობა“ და ის ადიგენის მუნიციპალიტეტიდან სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე აცხადებს, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია სათანადო გეგმა და ადეკვატური პასუხისმგებელი უწყება, რომელიც პროცესის მშვიდობიანი, სამართლიანი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პრინციპებით გადაჭრას მოახერხებს.

„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ შექმნილმა კომისიამ ვერც კი გაბედა სადავოდ გამხდარი ისტორიული შენობის ისტორიული და კონფესიური წარმომავლობის შესწავლა.“

კომისიის შექმნა, რომელსაც მუსლიმმა თემმა იმთავითვე გამოუცხადა სრული უნდობლობა, იყო იარაღი პროცესის გაჭიანურებისთვის და კონფლიქტის კონსერვირებისთვის. მთელი ეს დრო მოხეს მუსლიმი თემი ღია ცის ქვეშ ლოცულობდა და არაერთი სტრესი, შეურაცხყოფა გადაიტანა. ამ პირობებში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ, რომელიც არსებითად უშიშროების სამსახურების მიდგომებით მუშაობს თემის გაყოფა და დასუსტებაც მოახერხა. მთელი ეს დრო სააგენტოს მუშაობის მიზანი სწორედ მუსლიმების მიერ გამოვლენილი ძლიერი სოლიდარობის და პოლიტიკური წინააღმდეგობის ჩახშობა იყო.

ადგილობრივი მუსლიმები ამ დრომდე ისტორიული მეჩეთის წინ, ღია ცის ქვეშ აგრძელებენ ლოცვას, თუმცა, რამდენიმე დღის წინ მათთან წინასწარი კომუნიკაციისა და ახსნა-განმარტების გარეშე ძეგლთა დაცვის სააგენტომ დაიწყო შენობის ირგვლივ ღობის აღმართვა. მუსლიმი თემი შიშობდა, რომ ეს პროცესი მათ ისტორიული მეჩეთის წინ, ღია ცის ქვეშ ლოცვასაც შეუზღუდავდა და საჯარო უწყებების დაპირების მიუხედავად, ეს ასეც მოხდა.

ადგილობრივი ხელისუფლება და პოლიცია ვერ აკავებს ადგილობრივი სასულიერო პირების აგრესიას და რეგიონის ტოტალური კონტროლის პოლიტიკას, რაც არსებითად აზიანებს რეგიონში მცხოვრებ რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებს. ეს რეგიონი თეოდორე ჭუაძის, სინოდის გამორჩეულად აგრესიული, გავლენიანი და ხისტი წევრის პასუხისმგებლობის ქვეშ ექცევა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პირდაპირ მანდატში შედის რელიგიური კონფლიქტების გადაჭრა, თუმცა, მთელი ამ დროის განმავლობაში ვერც ერთი კონფლიქტის გადაჭრა ამ უწყებამ ვერ მოახერხა და პირიქით, სადაც ჩაერია ახალი დაძაბულობის კერები შექმნა. მოხის კონფლიქტი ამის ყველაზე ნათელი მაგალითია“, – აღნიშნავს თამთა მიქელაძე.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]