weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

მე, ვიცე-პოლკოვნიკს, ჩემი ქვეყანა ბრალს რუსეთის ჯაშუშის მხილების გამო მიყენებს – გოგაშვილი

15:08 ორშაბათი, 18 ივლისი 2022

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, იოსებ (სოსო) გოგაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი სრულად დაიხურა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო და ამით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე სხდომის დახურვის წინააღმდეგი იყო.

სასამართლო გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. სხდომის დახურვამდე სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა განცხადება გააკეთა.

„არ შემიძლია შეფასებები არ გავაკეთო და არ დავარქვა რაღაცას თავისი სახელი, მაგრამ, რადგან ამ ინსტიტუციას პატივს ვცემ, არ მინდა სიტყვა „იდიოტი“ ვიხმარო. „იდიოტის“ ნაცვლად ვიხმარ სიტყვა „იმნაირს“. ეს იმნაირი ხალხი იმნაირად დაგეგმილი სპეცოპერაციით – ამას ახორციელებენ ჩემს, სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკის მიმართ, რომელმაც ამ ქვეყანაში ტერორისტებს მუსრი გაავლო. ეს ადამიანების ჩემს გვერდით იბრძოდნენ. ეს არასწორი მოქმედებაა. ეს ჩემი შეურაცხყოფაა. ეს ქვეყნის შეურაცხყოფაა.

დღეს ისტორიული ფაქტის მოწმეები ვართ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკს პასუხისგებაში აძლევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ბრალდებას უყუნებს პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების, ოღონდ რუსეთის სპეცსამსახურების აგენტების ჩივილის შედეგად.

ამაში უნდათ ჩართონ სასამართლო და დისკრედიტაცია მოახდინონ სასამართლოსიც. დღეს ისტორიული დღეა, მე, ვიცე-პოლკოვნიკს, ჩემი ქვეყანა მიყენებს ბრალს იმის გამო, რომ ვამხილე რუსეთის ჯაშუში, რომელიც პატრიარქის გადაგდებას ცდილობდა. მე ამის უფლება კი არა, ვალდებულება მაქვს კონსტიტუციურად განსაზღვრული, რომ ეს გავაკეთო“, – განაცხადა გოგაშვილმა.

სოსო გოგაშვილმა სპეცოპერაციის დროს მასზე და მის ოჯახის წევრებზე განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზეც ისაუბრა. როგორც ის ამბობს, ბორკილები დაახლოებით ღამის ორ საათზე დაადეს და მას შემდეგ ბორკილებდადებული იყო, თუმცა იურიდიულად მისი დაკავება დღის 12:00 საათის შემდეგ მოხდა.

„12 საათი უკანონოდ დაკავებული ვყავდი. მხოლოდ ჩხრეკის განჩინება ჰქონდათ. ოთხის საათის განმავლობაში ჩემი შვილი - ნიკა გოგაშვილი მიწაზე ეგდო, ხელებში სისხლი არ უმოძრავებდა, გაშავებული ჰქონდა და არ უხსნიდნენ. მეუღლე ცუდად იყო, ბავშვები ცუდად იყვნენ. ვეხვეწებოდით, სასწრაფო გამოეძახებინათ, მაგრამ 4 საათი არ გამოიძახეს და გვატყუებდნენ.

მომექცნენ როგორც უკანასკნელ ტერორისტს. არ დამარეკინეს ადვოკატთან, ყველა ტელეფონი ჩამომართვეს. ბოლო შეურაცხყოფა რაც ვიგრძენი, იყო ის, რომ ჩემმა ყოფილმა თანამშრომლებმა აქ რომ მომიყვანეს... კრიმინალებთან ერთად სოროში ვიყავი, სადაც არც ჰაერი იყო, კედლებზე ეწერა „ჟიზნ ვარამ“ და რაღაც უბედურებები. ასე არ უნდა ხდებოდეს. ადამიანებს, სახელმწიფო მოხელეებს ასე არ უნდა ექცეოდნენ“, – განაცხადა გოგაშვილმა.

სოსო გოგაშვილი ამტკიცებს, რომ ცეცხლსასროლი იარაღები ჩაუდეს და გიორგი ღამბაშიძემ გააკეთა, რომელიც სუს-ის გენერალური ინსპექციის დირექტორის მოადგილეა.

„მიწაზე ვართ გართხმული, ხელები მაქვს ამობრუნებული და ვგრძნობ რკინის შეხებას. გამოცდილება მაქვს, ვიცე-პოლკოვნიკი ვარ უსაფრთხოების, ვიცი რასაც აკეთებენ, ხელზე მახებენ იარაღს, რომელიც შემდეგ უნდა ჩადონ. თვიდან ვერ მივხვდი, რა იარაღი იყო, ვერ დავინახე. როდესაც ვიგრძენი რასაც აკეთებდნენ, ვეცადე ხელები გამეთავისუფლებინა. ამ დროს გვერდით გავიხედე და ვინც ამას აკეთებდა ვიცანი - ეს იყო გენინსპექციის დირექტორის მოადგილე, გიორგი ღამბაშიძე. ბიჭო რას აკეთებ: „იქ ხომ არ გაქვს-თქო“, დავუძახე. ამის შემდეგ, მან მთელი ძალით ამომარტყა ყბაში წიხლი, შემდეგ დედის მისამართით შევაგინე. როგორც კი შევაგინე, გიორგი ღამბაშიძეს ხელში ეჭირა ლულით პატარა იარაღი, მარცხენა მხარეზე ვინც იარაღს მისვამდა, ის დიდი ავტომატი იყო. ამას რომ შევაგინე, იმან ფერდში მომარტყა. ძალიან ძლიერი ტკივილი ვიგრძენი.

მის შემდეგ, როდესაც ადგნენ და გამოიტანეს ე.წ. ფაქტები, შევარდნენ სახლში, ერთი გიორგი ღამბაშიძე იყო და ავარდნენ მეორე სართულზე. მეორე სართულზე ასვლის შემდეგ, თეამ დაინახა, რომ ეს ხალხი საძინებელში რაღაც ნივთებს ტენიდა სხვადასხვა ადგილზე.

თეამ დაუწყო ყვირილი და როდესაც დაინახეს, რომ ესენი მიადგნენ, ღამბაშიძემ დაიწყო ყვირილი: „რატომ ამოუშვით თქვე ჩე...ებო, ხომ გითხარითო!“ ძალადობით გამოათრიეს მეორე სართულიდან და პირველზე ჩამოიყვანეს. თეას ყვირილი მესმის, რომ დაალაგეს რაღაცები. მივხვდი რასაც აკეთებდნენ“, – განაცხადა გოგაშვილმა.

სოსო გოგაშვილი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე იყო 2015-2018 წლებში, 16 ივლისს დააკავეს. როგორც პროკურატურა აცხადებს, გოგაშვილმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, სამსახურიდან გაიტანა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, პირადი და პერსონალური მონაცემები და ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ნაწილი ინფორმაცია გოგაშვილის მონაწილეობით გავრცელდა საჯაროდ, „რამაც მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლების დარღვევა და მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გარდა ამისა, შეიქმნა სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების საფრთხე“.

პროკურატურის ინფორმაციით, გოგაშვილის საცხოვრებელი სახლიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა სუს-ის საქმიანობასთან დაკავშირებული გრიფირებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული დოკუმენტაცია, პირადი და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია, ათეულობით ტექნიკური მოწყობილობა და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები.

სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]