სხდომა 4 ოქტომბერს ჩაინიშნა. კანონის მიხედვით, მოსამართლეებს სააპელაციო საჩივრის განხილვა ორი თვის ვადაში უნდა დაესრულებინათ და განაჩენი გამოეტანათ.
„21 ივლისიდან ბატონი ლაშაა [ლავრენტი] შვებულებაში და შესაბამისად, რაც ჩანიშნული გვაქვს, ის სხდომებიც გადაგვედება ალბათ. სამწუხაროდ, ვერ გავითვალისწინებდით, რომ შვებულების წინ შემოვიდოდა საქმეები და აქედან გამომდინარე... ჩვენ ფორმალურად ჩავნიშნავთ აგვისტოში, მაგრამ თუ ეს ფორმალური იქნება და მარტო ერთი მოსამართლე იქნება, ნამდვილად ვერ მოხდება განხილვა. სექტემბერშიც ანალოგიურად მოხდება. 2022 წლის 4 ოქტომბერს, 14:00 საათზე გაგრძელდება სხდომა“, – განაცხადა მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ.
ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევის არავითარი საპატიო მიზეზი არ შეიძლება არსებობდეს, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც საუბარია რეზონანსულ საქმეზე და როდესაც არაერთმა ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ პროცესის მიმდინარეობას აკვირდებიან.
„სასამართლოს განაჩენი 14 სექტემბრამდე უნდა მიეღო და პროცესი ჩაინიშნა 4 ოქტომბერს. ნიკა გვარამია პოლიტიკურ პატიმრობაში იმყოფება და ეს უნდა გაგრძელდეს იმიტომ, რომ შვებულებებს ერთმანეთს ვერ ამთხვევენ?“, – აღნიშნა საძაგლიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა 16 მაისს მიუსაჯა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიასთვის სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება (მითვისება და გაფლანგვა) 220-ე მუხლით დააკვალიფიცირა, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. გვარამია ცნობილი იქნა დამნაშავედ 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, ე.წ. 2015 წლის ეპიზოდში, სადაც პროკურატურა მას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენებას ედავებოდა და ჯარიმის სახით 50 000 ლარის გადახდა დააკისრა. გვარამიას პატიმრობა მეორე - ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდზე შეეფარდა. ამ ეპიზოდშიც ის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის სცნეს დამნაშავედ.
საქართველოს სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მოსამართლის განაჩენი დაუსაბუთებელია. ისინი მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტმა ნიკა გვარამია უნდა შეიწყალოს.