ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ქრისტინე თაკალანძე „საგარეო დაზვერვის დავალებით, საქართველოს სპეცსამსახურების ინტერესებით ნაკარნახევი მოტივით“ მოქმედებდა და ახორციელებდა „დანაშაულებრივ განზრახვას“, რომელიც მიზნად ისახავდა სახელმწიფო, სამხედრო ან სხვა სახის საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებას, მოგროვებას და ქართული სპეცსამსახურებისთვის გადაცემას. ე.წ. უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ შესაძლებელი იყო ეს ინფორმაცია აფხაზეთის საგარეო უსაფრთხოების, კონსტიტუციური წესრიგისა და სუვერენიტეტის საზიანოდ ყოფილიყო გამოყენებული.
დე ფაქტო ხელისუფლებამ ვიდეომასალაც გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორც ჩხრეკენ დაკავებულის პირად ნივთებს. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასთან, საბანკო და აფთიაქის ბარათებთან ერთად, ე.წ. სამართალდამცავები პატარა ქაღალდსაც აჩვენებენ, სადაც ქართულად წერია: „სადმე თუ წახვედი, გალში, ან ზუგდიდში, ეს წამალი მომიტანე“.
ქრისტინე თაკალანძე 20 ივლისს დააკავეს, თუმცა ამის შესახებ ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გუშინ, 25 ივლისს, გავრცელებული ინფორმაციიდან გახდა ცნობილი.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება.
„საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით. საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.