შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, თორნიკე მარსაგიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვემო ქართლში, იმერეთსა და დედაქალაქის სხვადასხვა უბანში, მათ შორის ფონიჭალის დასახლებაში, დაკავებულია 14 ნარკორეალიზატორი.
„ბრალდებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღებისთვის დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა თბილისში, აჭარაში, გურიაში, იმერეთში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღეს“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
სამართალდამცავების მიერ ამოღებულია შემდეგი ნარკოტიკული საშუალებები: „ალფა პვპ“, „კოკაინი“, „მეტამფეტამინი“ , „თებაინი“, „სუბუტექსი“, „ჰეროინი“, ე.წ. სირეცი, „სუბოქსინი“, და ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე - 43 კილოგრამი კანაფი და 813 გრამი გამომშრალი „მარიხუანა“.
ნარკოდანაშაულის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 19-260-ე, 262-ე, 265-ე, 276-ე, 236-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.