საქართველოს ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაცია, რომელიც დაზარალებული არასრულწლოვნის ინტერესებს იცავდა, აცხადებს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას 12-დან 8 ნაფიცმა მსაჯულმა დაუჭირა მხარი.
თბილისის ერთ-ერთ მეტროსადგურში 17 წლის მოზარდზე ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ, 24 იანვარს, საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი დააკავეს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა განაცხადა, რომ ერთ-ერთმა მათგანმა მეტროსადგურში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ოთახში გამეტებით სცემა არასრულწლოვანს მიუხედავად ბიჭის მინიშნებისა, რომ სმენადაქვეითებული იყო და საუბარი არ ესმოდა. ძალადობას მეორე პოლიციელიც შეესწრო, რომელმაც კოლეგის შესაჩერებლად არაფერი გააკეთა და როგორც გაირკვა, მომხდარის შესახებ არც საგამოძიებო უწყებას შეატყობინა.
ნუგზარ ბაქრაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს არაადამიანურ მოპყრობას, ჩადენილს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არასრულწლოვნის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ. დანაშაული 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება მეორე პატრულ-ინსპექტორს, კახაბერ ბაკაშვილს, მას ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედებოდა.