სალომე ზურაბიშვილის 2 აგვისტოს განკარგულების მიხედვით, სამაშველო ოპერაციის დროს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის, სამაგალითო, თავგანწირული ქმედებისათვის მედლით „სამოქალაქო თავდადებისთვის“ დაჯილდოვდნენ:
- ზაზა ლორია – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე საფრენოსნო მომზადების დარგში, მფრინავი.
- დიმიტრი ქააძე – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მაიორი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს თვითმფრინავების სატრანსპორტო ესკადრილიის (სამსახური) მთავარი სპეციალისტი, ბორტ-ტექნიკოსი-ინსტრუქტორი;
- ლევან ჩოხელი – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს შვეულმფრენების ესკადრილიის (სამსახური) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი, ბორტ-ტექნიკოსი-ინსტრუქტორი;
- ანდრო ქუჯოშვილი – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს შვეულმფრენების ესკადრილიის (სამსახური) წამყვანი სპეციალისტი, ბორტ-მექანიკოსი-ოპერატორი;
- გიორგი მარგიანი – სამოქალაქო უსაფრთხოების უმცროსი ლეიტენანტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამმართველოს ინსპექტორი;
- კახა ტორჩინავა – სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამმართველოს უფროსი ინსპექტორი;
- გიორგი ვენეცკი – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პირველი ფილიალის ექიმი;
- ქეთევან გულაღაშვილი – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პირველი ფილიალის უმცროსი ექიმი.
29 ივლისს, გუდაურში, სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, საბჭოთა წარმოების „მი 8“ ჩამოვარდა და აფეთქდა. შედეგად ვერტმფრენის ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა: ეკიპაჟის მეთაური ზაზა ლორია, ეკიპაჟის წევრები დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი და ანდრო ქუჯოშვილი, ექიმები ქეთევან გულაღაშვილი და გიორგი ვენეცკი, მაშველები გიორგი მარგიანი და კახა ტორჩინავა. ვერტმფრენის დახმარებით კლდოვან ფერდობაზე ჩამოვარდნილი პარაპლანისტის და ტურისტის სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა. ტურისტი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო, დაიღუპა, ხოლო საქართველოს მოქალაქე პარაპლანისტის ამოყვანა მოხერხდა. ის სხვადასხვა დაზიანებით თბილისში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.