weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კაჭრეთელი ზვიად მთავრიშვილის გარდაცვალების საქმეზე ევროსასამართლოს მიმართეს

14:26 ოთხშაბათი, 03 აგვისტო 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მცხოვრები 55 წლის ზვიად მთავრიშვილის გარდაცვალების საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ იკვეთება სახელმწიფოს მიერ ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლებით დაცული უფლებების დარღვევა.

ზვიად მთავრიშვილი 2019 წლის 15 აპრილს საავადმყოფოში გარდაიცვალა, რასაც წინ პოლიციის მიერ მისი დაკავება უძღოდა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, გარდაცვალებამდე მთავრიშვილი ამბობდა, რომ 22 მარტს, თელავის პოლიციის შენობაში სცემეს და თავში დაზიანებები მიაყენეს.

„სახლში დაბრუნებისას, ზვიად მთავრიშვილი უჩიოდა თავის ტკივილს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მეორე დღიდანვე გაუარესდა, კერძოდ, მას დაეწყო ძლიერი თავის ტკივილები და მეხსიერებასთან დაკავშირებით პრობლემები. 2019 წლის 1 აპრილს იგი გურჯაანში მდებარე საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს, სადაც დაესვა დიაგნოზი - ტრავმული სუბდურული სისხლჩაქცევა, კომა. იმავე დღეს ზვიად მთავრიშვილი თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში მოათავსეს.

ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემულ ცნობაში მითითებულია, რომ ზვიად მთავრიშვილს დაუდგინდა „კომა, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, მარცხენა დიდი ჰემისფეროს ტრავმული სუბდურული ჰემატომა, თ/ტ დაჟეჟილობა, შუამდებარე სტრუქტურების ცდომით, სუნთქვის მწვავე უკმარისობა“.

15 აპრილს ზვიად მთავრიშვილი საავადმყოფოშივე გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ კომაში ჩავარდნამდე, ზვიად მთავრიშვილმა მის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის შესახებ, ასევე, უამბო მის მეზობლებსა და ნათესავებს“, – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

კახეთის საოლქო პროკურატურა საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის ამ დრომდე იძიება. გამოძიება 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ძალადობით ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. საია მიიჩნევს, რომ ზვიად მთავრიშვილის მიმართ ჩადენილია უფრო მძიმე დანაშაული, კერძოდ, არაადამიანური ან/და დამამცირებელი მოპყრობა, რომელსაც, შედეგად, ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა.

საია აღნიშნავს, რომ პროკურატურამ ზვიად მთავრიშვილის დას დაზარალებულის სტატუსი მხოლოდ ორი წლის შემდეგ, 2021 წლის ზაფხულში მიანიჭა.

„დაზარალებულის სტატუსის გარეშე ის ვერ სარგებლობდა საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობით, რაც ართმევდა შესაძლებლობას, მიეღო საგამოძიებო პროცესის შესახებ სრულყოფილ ინფორმაცია. მიუხედავად არაერთი მიმართვისა, და, საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო პროცესის ნაკლოვანებების შესახებ გენერალური პროკურატურის ინფორმირებისა, დღემდე, დაზარალებულის უფლებამონაცვლის წერილები, განცხადებები, შუამდგომლობები უმეტესწილად რჩება უპასუხოდ, ხოლო რიგ შემთხვევებში მათზე პასუხი შაბლონურია და არ შეიცავს კონკრეტულ ინფორმაციას. საგამოძიებო ორგანომ დღემდე ვერ უზრუნველყო შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება, ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები კი მთელი რიგი ხარვეზებით ხასიათდება“, – აცხადებს საია.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მათ მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე წარდგენილ საჩივარში დასაბუთებულია, რომ სახელმწიფომ არა მხოლოდ დაარღვია საქმეზე ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიების წარმოების ვალდებულება, არამედ ზვიად მთავრიშვილის გარდაცვალება, სავარაუდოდ, სწორედ სახელმწიფოს მოხელეთა – პოლიციის თანამშრომელთა ქმედებების პირდაპირ შედეგს წარმოადგენს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]