„ჩვენ გუშინ გვქონდა საუბარი ბატონ ამირანთან. მას დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის ხალხის წინაშე, ის ამ სისტემაშია 90-იანი წლების დასაწყისიდან და მრავალი წლის განმავლობაში ზრუნავდა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. გუშინ გვქონდა საუბარი, თუ განიხილებოდა მისი ცვლილება. უახლოეს დღეებში შესაბამისი განცხადებით მიმართავს სამინისტროს“, – განაცხადა აზარაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.
გადაცემის წამყვანის შეკითხვის საპასუხოდ ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან წასვლა „არ არის კავშირში ან პანდემიამდე პერიოდთან, ან პანდემიის პროცესში მიმდინარე მოვლენებთან“.
„ის ღირსეულად ემსახურებოდა თავის ქვეყანას და ასევე ღირსეულად ტოვებს თანამდებობას, ასპარეზს უთმობს იმ ადამიანებს, ვინც გააგრძელებს დაავადებათა კონტროლის მენეჯმენტს“, – განაცხადა მინისტრმა.
ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას 2013 წლის 7 თებერვლიდან იკავებს. უკვე ცნობილია, რომ მისი გადადგომის შემდეგ, დირექტორის მოვალეობას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია შეასრულებს.