weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

შეუძლებელია მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე რომელიმე უწყებიდან გასულიყო – თავდაცის სამინისტრო

19:03 სამშაბათი, 09 აგვისტო 2022

ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მილიციის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას, სადაც ქართველი თადარიგის ოფიცრის, მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე ჩანს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების განცხადებით, შესაბამისი სამსახური დაადგენს, არის თუ არა კადრებში ნაჩვენები დოკუმენტები რეალურად პირადი საქმე და საიდან აღმოჩნდა ის უკრაინაში.

თავდაცვის სამინისტრო აკრიტიკებს ტელეკომპანია „მთავარ არხს“ და დეზინფორმაციას უწოდებს სიუჟეტში გაჟღერებულ ვერსიას, რომ მიხეილ ქამხაძის საქმე სამინისტროს არქივის დეპარტამენტმა გაყიდა.

„სამხედრო მოსამსახურის თავდაცვის ძალებიდან დათხოვნის შემდეგ, მათი პირადი საქმეები მატერიალური სახით არ ინახება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და თავდაცვის ძალების სტრუქტურულ ერთეულებში და იგზავნება მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურებში.

მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე თავდაცვის სამინისტროდან გადაგზავნილია შესაბამისი რაიონის კომისარიატში და იქაც ინახება თავდაპირველ მდგომარეობაში. ამგვარად შეუძლებელია თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები რომელიმე უწყებიდან გასულიყო“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ე.წ. ლუგანსკის სახალხო მილიციამ 28 ივლისს გაავრცელა პროპაგანდისტული ვიდეო, სადაც „გათავისუფლებულ“ ლისიჩანსკში საწვრთნელი ბაზის აღმოჩენის შესახებ იუწყებიან. ვიდეოში ამბობენ, რომ ბაზაზე უკრაინელ ძალოვნებს უცხოელი დაქირავებულები წვრთნიდნენ, რის „მტკიცებულებადაც“ საქართველოს მოქალაქის მიხეილ ქამხაძის პირად საქმეს და ქართულ ენაზე დაბეჭდილ მასალებს აჩვენებენ.

„ნაპოვნი დოკუმენტებიდან გასაგები ხდება, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელიც თავად არტილერიის ოფიცერია, უკრაინელ ბოევიკებს ამზადებდა NATO-ს სტანდარტების შესაბამისად, რომელის საფუძვლებს წარმოადგენს ომის ტერორისტული მეთოდები და საბრძოლო მოქმედებების ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის სრული უგულებელყოფა“, – ამბობენ პროპაგანდისტულ ვიდეოში.

ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ დღეს მიცემულ ინტერვიუში მიხეილ ქამხაძე ადასტურებს, რომ ოკუპანტების ხელში მოხვედრილია მისი პირადი საქმე, რომელიც „ანკეტას, ავტობიოგრაფიას და სხვადასხვა საბუთს მოიცავს“.

„ეს ორი ძირითადი საბუთია, რომელიც ასახავს პიროვნებას: ვინ არის, რა არის, ვინ არიან ოჯახის წევრები, სად მუშაობენ, მისამართი და ა.შ. იქ არის ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ, დიპლომი, ჯილდოები, სერთიფიკატები, პირადობის დამადასტურებელი საბუთი, ვეტერანობის დამადასტურებელი საბუთი, ანუ ეს არის სრული პაკეტი ადამიანზე, რომლის შესწავლაც მიდის, რომელიც ინიშნება უწყებაში.

ჩემი ოჯახის დამცველი მე ვარ. რადგანაც შორს ვარ, იმედი მაქვს ჩემი საახლობო წრის, რომ იმ ხალხს მიმიხედავს. ძალიან დიდი იმედი მაქვს.

ადამიანი, რომელიც გებრძვის, შენი მიწის 20% აქვს წაღებული, დახოცილი და ნატანჯი ჰყავს შენი ხალხი, დღესაც იტაცებს მათ, შენი პირადი საქმე რომ ჩაუვარდება ხელში და იცის შენი ასავალ-დასავალი, როგორ ფიქრობთ, რა საფრთხეზეა საუბარი?! “, – ამბობს ქამახაძე, რომელიც უკრაინაში იმყოფება.

მისი თქმით, პირადი საქმე მაშინ შეავსო, როდესაც საქართველოში სატანკო ქარხანაში მუშაობის დაწყებას აპირებდა.

„მისი გზა ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, როგორც წესი, იმ სამხედრო პიროვნების საბუთები, რომელიც თადარიგში გადის, არქივში გადადის იმ პერიოდამდე, ვიდრე 65 წლის გახდება. კანონმდებლობის თანახმად, ზღვრულ ასაკს მიღწევის შემდეგ, ის თადარიგში აღარ არის და დათხოვილია, ანუ ომი რომ დაიწყოს ქვეყანაში, თუ არ ვცდები, 65 წლის ასაკამდე შეუძლიათ გამოიძახონ. ჩემი საქმე, რომელიც ოკუპანტების კადრებშია წარმოდგენილი, სამოქალაქო პირის საქმეა. როდესაც მე თადარიგში გავედი, ანუ გავხდი სამოქალაქო პირი, სამსახურს ვაგრძელებდი სატანკო ქარხანაში. სატანკო ქარხნის კადრების სამსახურმა, როგორც წესი და რიგია, მომცა იმ საბუთების ჩამონათვალი, რომლებიც უნდა შემეგროვებინა. ეს საქმე შედგა და ჩავაბარე, თუმცა ჩემს გამოძახებას საშველი არ დაადგა და წავედი იქ, სადაც ახლა ვარ“, – განაცხადა მიხეილ ქამხაძემ.

როგორც ის ამბობს, ოკუპანტების ხელში მოხვედრილია მისი პირადი საქმის დედანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]