როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, მაშველთა ჯგუფი მწვერვალისკენ ფეხით მიემართება.
„საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრიდან შემოვიდა SOS შეტყობინება, რომ მწვერვალ თეთნულდზე უცხოელ ტურისტთა ჯგუფს ესაჭიროება მაშველთა დახმარება. დადგინდა ლოკაცია. რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელიც ქუთაისის აეროდრომიდან სამაშველო ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ნელი ნავერიანის ინფორმაციით, ტურისტები 4852 მეტრი სიმაღლის მწვერვალის იმ მხარეს არიან დაბანაკებული, სადაც მხოლოდ სამთამსვლელო მარშრუტია. მერის მოადგილე ამბობს, რომ ამ ეტაპზე, სამაშველო ღონისძიებაში ვერტმფრენის ჩართვა წვიმის გამო შეუძლებელია.