weather cur horoscope tv
სექტემბერი 29, 2022

3 არხი „ქართული ოცნების“ საჩივარზე: ხელისუფლება კრიტიკული აზრის ჩახშობას ცდილობს

18:34 პარასკევი, 12 აგვისტო 2022
კადრი სადავო კლიპიდან კადრი სადავო კლიპიდან

ტელეკომპანიები „ფორმულა“, „პირველი“ და „მთავარი არხი“ მათ წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ საჩივართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. მმართველმა პარტიამ კამპანია „შინ ევროპისკენ“ კლიპის ეთერში გაშვების გამო აღნიშნულ ტელეკომპანიებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივლა და მათ დასჯას ითხოვს. კომისიამ საქმე წარმოებაში მიიღო და განხილვას 23 აგვისტოს დაიწყებს.

„ხელმომწერი მაუწყებლები ჩვენ წინააღმდეგ მომართულ ორკესტრირებულ სადამსჯელო ქმედებად მივიჩნევთ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 2022 წლის 11 აგვისტოს მიღებულ, ჩვენი შეფასებით, დაუსაბუთებელ და უკანონო გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებით არსებითად განსახილველად იქნა მიღებული პარტია „ქართული ოცნების” განცხადება, რომლის მიზანი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის გამო ჩვენი დასჯა და მძიმე ფინანსური სანქციების დაკისრებაა“, – აცხადებენ ტელეკომპანიები.

მათი შეფასებით, „ქართული ოცნება“ მანიპულაციურად უთითებს, რომ კლიპი ემსახურება მმართველი პარტიის და მისი წარმომადგენლების უარყოფითად წარმოჩენას, მათ მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი აზრის ფორმირებას და სამომავლოდ, არჩევნებში მათთვის ხელის შეშლას, რის გამოც, პარტიის აზრით, სადავო კლიპი პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამაა, რომელიც არ უნდა განთავსდეს არასაარჩევნო პერიოდში.

„11 აგვისტოს სხდომაზე კომისიას უნდა გადაეწყვიტა ამ განცხადების დასაშვებობა. ამ მიზნით, ვალდებული იყო შეეფასებინა, არის თუ არა „ქართული ოცნება“ ამ ტიპის განცხადების წარდგენისას დაინტერესებული პირი, ხოლო კომისია უფლებამოსილი განიხილოს აღნიშნული საკითხი.

მაუწყებლების წარმომადგენლები ხაზგასმით აღვნიშნავდით, რომ „ქართული ოცნების“ მიერ სადავოდ გამხდარი რეკლამა წარმოადგენდა სოციალურ რეკლამას, სრულად ექცეოდა სოციალური რეკლამის კანონისმიერ დეფინიციაში, განთავსებული იყო კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მისი მიზანი საზოგადოებისთვის 24 ივნისის საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდასაჭერ „შინ ევროპისაკენ“ აქციაზე გამოსვლისკენ მოწოდება და არა რომელიმე პარტიის მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი აზრის ფორმირება იყო.

შესაბამისად, თუ ამ რეკლამის შინაარსი მიუღებელი იყო „ქართული ოცნებისთვის“, მაუწყებლობის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, მას თავისი უფლების დაცვა სასამართლოსთვის მიმართვის გზით, არა მაუწყებლის არამედ რეკლამის დამკვეთის წინააღმდეგ უნდა გაეგრძელებინა“, – აცხადებენ ტელეკომპანიები.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ თავი აარიდა მსჯელობას იმასთან დაკავშრებით, რომ „ქართული ოცნება“ არ არის უფლებამოსილი სუბიექტი/დაინტერესებული პირი, იდავოს კომისიაში მსგავს საკითხზე, რადგან კლიპში ნაჩვენები პირები არიან მაღალი პოლიტიკური/სახელმწიფო თანამდებობის პირები და ისინი განცხადებებს არა „ქართული ოცნების“, არამედ სახელმწიფოს სახელით აკეთებენ.

„აღსანიშნავია, რომ რეკლამაში არ გვხვდება პარტია „ქართული ოცნების“ მაიდენტიფიცირებელი რაიმე ნიშნები ან/და სიმბოლიკა, შესაბამისად, გაურკვეველია რაზე დაყრდნობით მიიჩნია კომისიამ „ქართული ოცნება“ დაინტერესებულ პირად.

საყურადღებოა, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა არაერთხელ შეუქმნა საფრთხე კრიტიკული მედიის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.

მიგვაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, ხელისუფლება მარეგულირებელი ორგანოს საშუალებით ცდილობს, ერთი მხრივ, კრიტიკულად განწყობილი მედიებისთვის დამატებითი ფინანსური სანქციების დაწესებას და მათთვის ფინანსური დაბრკოლებების შექმნას, ხოლო, მეორე მხრივ, საზოგადოებაში კრიტიკული/ნეგატიური აზრის ჩახშობას.

კრიტიკული მედიისადმი ხელისუფლების ამგვარი მიზანმიმართული იერიში კიდევ ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი გახდება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, – ნათქვანია განცხადებაში.

 

ამ თემაზე:

მედიაკოალიციის განცხადებით, აქციის კლიპი წინასაარჩევნო რეკლამად ვერ შეფასდება

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]