weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

„ოცნების“ მოთხოვნით კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ 118 688 ლარით დააჯარიმა

21:00 სამშაბათი, 23 აგვისტო 2022
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური

სახელისუფლებო პარტიის „ქართული ოცნების“ მოთხოვნით, კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „მთავარი არხი“, რომელსაც ისედაც ფინანსური კრიზისი აქვს, 118 688 ლარით დააჯარიმა. ამავე საქმეზე კომისიამ „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ წერილობით გააფრთხილა. „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გაბუნია ამბობს, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებენ და გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„ქართულმა ოცნებამ“ კომუნიკაციების კომისიას საჩივრით 5 აგვისტოს მიმართა და კრიტიკული არხების სანქცირება მოითხოვა. საქმე ეხება მოძრაობა „სირცხვილიას“ ვიდეორგოლს, რომელიც ტელევიზიებმა ეთერში 23 და 24 ივნისს გაუშვეს. ვიდეორგოლში თავმოყრილია ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიევროპული განცხადებები, კლიპის ბოლოს კი, მანიფესტაციის ორგანიზატორი მოქალაქეებს მოუწოდებდა, 24 ივნისს, 20:00 საათზე, პარლამენტის წინ შეკრებილიყვნენ. საქართველოს ევროპული არჩევანის დასაცავად, ივნისში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა.

კომუნიკაციების კომისიამ „ქართული ოცნების“ პოზიცია გაიზიარა და თქვა, რომ ტელევიზიებს აღნიშნული ვიდეორგოლის განთავსების უფლება კანონმდებლობით არ ჰქონდათ.

„მოცემულ შემთხვევაში, აშკარაა, მაუწყებლების ეთერში განთავსებული რეკლამის მიზანი, ერთი მხრივ, იყო 24 ივნისს გასამართი მანიფესტაციის რეკლამირება, რომ მასში მაქსიმალურად მეტ მოქალაქეს მიეღო მონაწილეობა, ხოლო მეორე მხრივ, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ და მათი ლიდერების უარყოფით კონტექსტში წარმოჩენა. შესაბამისად, აღნიშნული ვიდეორგოლი თავისი შინაარსიდან გამომდინარე წარმოადგენს პოლიტიკური პარტიის ლიდერებზე გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის, ემსახურება ამ პოლიტიკური პარტიის და მისი წევრების მიმართ უარყოფითი აზრის ფორმირებას და მათი არჩევის ხელშეშლას. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ თავად მანიფესტაცია პოლიტიკური კონტექსტის მატარებელი იყო და მასზე ორგანიზატორებმა, რომლებიც რეკლამის დამკვეთები არიან, პოლიტიკური მოთხოვნები წამოაყენეს, ეს იყო მთავრობის გადადგომა“, - განაცხადა სხდომაზე კომისიის თანამშრომელმა თეა კაველიძემ.

კომისიის 23 აგვისტოს სხდომას ხუთივე წევრი ესწრებოდა. მაუწყებლების სანქცირების გადაწყვეტილებას მხარი ყველა წევრმა დაუჭირა.

კომისიის განმარტებით, წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსება მაუწყებელს შეზღუდული აქვს თუ წინასაარჩევნო კამპანია არ მიმდინარეობს, 2022 წლის 23 და 24 ივნისს კი წინასაარჩევნო კამპანია არ მიმდინარეობდა.

კომისიის ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ აღნიშნული კანონდარღვევა ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ჩაუდენიათ, კომისიამ მაუწყებლები წერილობით გააფრთხილა. „მთავარი არხი“ კი ანალოგიური სამართალდარღვევისთვის 2019, 2020 და 2021 წლებში სამართალდამრღვევად ცნობილია 4-ჯერ. კომისიის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში „მთავარი არხის“ მიერ აღნიშნული კანონდარღვევა მეორედ განხორციელდა და მაუწყებელი უკვე იყო დაჯარიმებული. კომისიამ მას წლიური შემოსავლის 1%-ის ოდენობის ჯარიმა, 118 688 ლარი დააკისრა.

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი გაბუნიას განცხადებით, კომისია შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ მაუწყებლის ისედაც მძიმე ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს:

„პირდაპირი მუქარაც მოვისმინეთ, რომ თუ ასე გავაგრძელებთ და კიდევ ერთი პროევროპული კლიპი მოხვდება ჩვენს ეთერში, საერთოდ ლიცენზიაც ჩამოგვართვან. ესეც არ გამიკვირდება.

ჩვენ არ ვაპირებთ ამ ჯარიმის გადახდას, გავასაჩივრებთ როგორც წინა შემთხვევაში და ვნახოთ, რა მოხდება“.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილება პოლიტიკური, დაუსაბუთებელია და საქართველოში მედიაგარემოს მნიშვნელოვნად აუარესებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]